ახალი ამბები

პარლამენტის სპიკერი: პრეზიდენტი ოპოზიციაშია და მეორე საქართველოს ნაწილია

29 ივლისი, 2017 • 3210
პარლამენტის სპიკერი: პრეზიდენტი ოპოზიციაშია და მეორე საქართველოს ნაწილია

“პრეზიდენტი არის ოპოზიციაში, ის არის მეორე საქართველოს ნაწილი მაშინ, როცა კონსტიტუციის მიხედვით, ის უნდა იყოს ნეიტრალური,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში დასმულ შეკითხვას პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის მორიგ დაპირისპირებაზე.

კერძოდ, საუბარი შეეხებოდა ირაკლი კობახიძეს და ანა დოლიძეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის დაპირისპირებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასულ კვირაში.

“ანა დოლიძემ შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის თავმჯდომარეს და ეს მოითხოვდა პასუხს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეთიკის ფარგლებში უნდა იჯდეს ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება:

“ამ ეთიკის ფარგლებს გასცდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და შემდეგ ეს შეუარცხყოფა დაადასტურა და დაამატა პრეზიდენტმა”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ გაიხსენა, რომ პრეზიდენტის ადამინისტრაციის თანამშრომლებისგან საჯარო განცხადებებში მის მიმართ მოისმინა ისეთი შეფასებები, როგორიცაა უღირსი და უცოდინარი. მისი თქმით, მსგავსი შეურაცხყოფა ხდებოდა საქართველოში 1990–იან წლებში.

კობახიძის თქმით, მარგველაშილს ჰქონდა შანსი, რეაგირება მოეხდინა ანა დოლიძის განცხადებებზე, თუმცა მან ეს შანსი არ გამოიყენა. მისი თქმით, მეორე საქართველოა ენმ, პატრიოტთა ალიანსი და სხვა ოპოზიცია და ამ მეორე საქართველოშია პრეზიდენტი.

26 ივლისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც თვითმმართველობის შესახებ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხზე მსჯელობდნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს – ანა დოლიძეს რამდენჯერმე გააწყვეტინა სიტყვა და მისი კრიტიკა აუკრძალა, როგორც საჯარო მოხელეს და არა პოლიტიკური თანამდებობის პირს. სხდომის შემდეგ ანა დოლიძემ კობახიძეს უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა. ამ ფაქტს მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის მიმართვა პრეზიდენტისადმი, რომ რეაგირება მოახდინოს დოლიძის განცხადებებზე, რაზეც პერზიდენტმა უპასუხა, რომ ეამაყება ანა დოლიძესთან ერთად ქვეყნის სამსახურში ყოფნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი