როგორც ცნობილია, იმერლიშვილმა სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის გაისაიდუმლოებული ინფორმაცია, სადაც პრეზიდენტის დავალებით უწყების მიერ სხვადასხვა მიზნისთვის დახარჯული თანხის ოდენობაა ასახული, ამ კვირაში გაასაჯაროვა. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, პრეზიდენტის დავალებით ზოგიერთი ადამიანისთვის საჩუქრების გაკეთების ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავდა, გარდა ამისა, პრეზიდენტი თავის სტუმრებთან ერთად ავსტრიის, იტალიის და ტაილანდის კურორტებზე ისვენებდა და შვილების სწავლის გადასახადსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდიდა.
გუშინ, 18 აპრილს “ნეტგაზეთთან” საუბარში ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, იურისტმა თამარ კორძაიამ ზემოხსენებულ ცნობებს კორუფცია უწოდა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან ერთად პასუხისმგებლობა აუდიტის სამსახურსაც ეკისრება, რადგან ამ უწყების პირადპირი მოვალეობა იყო მსგავსი დარღვევების აღმოჩენა.
ლევან ბეჟაშვილი კი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ კონტროლის პალატა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ფინანსურ საქმიანობას ამოწმებდა, ამიტომ იმერლიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ავთენტურობაში ეჭვი ეპარება.
“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აუდიტი ხორციელდებოდა ისევე, როგორც სხვა ორგანიზაციების აუდიტი. ამ სამსახურის ხარჯებში არის ცალეკული დახურული მუხლები, რომლებიც საიდუმლოებას განეკუთვნება და საიდუმლო გრიფი ადევს, რამდენადაც ის ეხება დაცვის ნომერ პირველი ობიექტის [პრეზიდენტის] გადაადგილებას, საცხოვრებელ ადგილებს და კვებას, ამიტომ ამ ხარჯებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, სხვა პროცედურები იმართება. გარდა ამისა, ის ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდა, რამდენად ავთენტურია, ამაზე სერიოზული ეჭვები გამოითქვა. წინასწარ რაიმე ხასიათის დასკვნების გამოტანა შეუძლებელია, რადგან ეს დოკუმენტაცია სხვა დოკუმენტაციასთან ანალიზში უნდა იქნას შესწავლილი. დღეს ყველა ხვდება საზოგადოებაში, რომ ამ ინფორმაციის ავთენტურობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და კეთდება იმისათვის, რომ საზოგადოებაში გაუგებრობა და ნიჰილიზმი დათესონ 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბეჟაშვილმა და დასძინა, რომ თუ ხელისუფლებაში ვინმეს სერიოზულად და რეალურად აინტერესებდა ამ ხარჯების კანონიერებისა და მართლზომიერების შესწავლა, ჯერ საგამოძიებო ორგანოებს გადასცემდა გამოსაძიებლად და ისინი შესაბამის დასკვნასაც მოამზადებდნენ.
“როცა ასე ღიად ხდება ყოველგვარი ანალიზისა და შესწავლის გარეშე ინფორმაციის გავრცელება, ამას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: საზოგადოების დეზინფორმირება და დეზორიენტაცია”, – აცხადებს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კონტროლის პალატას მისი მუშაობის დროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე დაშვება, ბეჟაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო საიდუმლოებას სხვადასხვა დონე გაააჩნია.
“პრეზედენტთან დაკავშირებული ხარჯები და გადაადგილებები განსაკუთრებულ ღონისძიებებს განეკუთვნება, რომელზეც ყველას არ აქვს დაშვება”, – ამბობს იგი.
კორძაია კი ამბობს, რომ აუდიტის სამსახური არის ის უწყება, რომელსაც ფარული ხარჯების გადამოწმებაც შეუძლია.
“სამსახურს აქვს წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზეც, თუმცა შემდეგ არ უნდა გაასაჯაროვოს ეს ინფორმაცია. შესაბამისად, ისინიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში”, – აღნიშნავს იგი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოძიება მიხეილ სააკაშვილის დაცვის მიერ თანხის გაფლანგვა–მითვისებასთან დაკავშირებით მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს დოკუმენტები საგამოძიებო სტრუქტურებს აუდიტის სამსახურიდან მიაწოდეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ისინი ამ ეტაპზე ვერ გასცემენ ინფორმაციას, ნამდვილად გადასცეს თუ არა საგამოძიებო ორგანოებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული სხვადასხვა ხარჯის შესახებ ინფორმაცია. უწყებაში გვითხრეს, რომ ამის გასაგებად მათ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წერილობით უნდა მივმართოთ.