ასე ეხმაურება დედაქალაქის მერია შსს-ს განცხადებას 19 აპრილს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქციის გამო რამდენიმე ქუჩის გადაკეტვის შესახებ.
“კერძოდ, რუსთაველის გამზირის და მისი მიმდებარე ქუჩების, განსაკუთრებით თაბუკაშვილის ქუჩის გადაკეტვა გამოიწვევს მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობის სრულ პარალიზებას, მათ შორის, შეუძლებელი გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურება. აღსანიშნავია, რომ არასდროს სხვა აქციების მიმდინარეობისას წინასწარ გზების გადაკეტვა არ ხორციელდებოდა. განსაკუთრებით მიუღებელია სამინისტროს გადაწყვეტილება გზები გადაკეტოს დღის 12 საათიდან, აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. მიგვაჩნია, რომ აქციის გამართვის ადგილის მიმდებარე ქუჩების გადაკეტვა საერთოდ არ წარმოადგენს აუცილებლობას და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით თბილისის მერია სთავაზობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 19 აპრილის დილის 9 საათიდან თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში გაიმართოს კონსულტაცია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის საკითხზე, იმისათვის, რომ მიღებული იქნეს ოპტიმალური გადაწყვეტილება.”- აცხადებენ თბილისის მერიაში.
შსს–ში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მერიის შეთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის და უწყება თუ საჭიროდ ჩათვლის, ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.
თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან არავინ შეხმიანებიათ აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით.
