ახალი ამბები

იუშენკო მზად არის, საქართველოს თაფლი, საპონი, შამპუნი და 400$ გამოუგზავნოს

18 აპრილი, 2013 •
იუშენკო მზად არის, საქართველოს თაფლი, საპონი, შამპუნი და 400$ გამოუგზავნოს

უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო მზად არის, საქართველოს დაუბრუნოს ის 400 აშშ დოლარი და თაფლი, რომელიც სავარაუდოდ, თბილისში, ერთ–ერთ აბანოში მისი ვიზიტისას დახარჯა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა. ამის შესახებ იუშენკოს პრესმდივნის, ირინა ვანიკოვას განცხადებას ავრცელებს გამოცემა “უკრაინსკაია პრავდა”.

ვანიკოვას განცხადებით, 2011 წლის 6 აპრილს იუშენკო საქართველოში არ იმყოფებოდა და მთელი დღის განმავლობაში თავისი პარტიის ოფისში, კიევში მუშაობდა. პრესმდივნისვე განმარტებით, მიუხედავად ამისა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი მზადაა, საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასცეს ის 400 დოლარი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დაცვამ გადაიხადა მისი გამასპინძლებისთვის თბილისის ერთ–ერთ აბანოში.

“იმედი მაქვს, რომ ის 400 აშშ დოლარი, რომლის ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასარიცხად ვართ მზად, დაეხმარება ქართველ პარლამენტარებს კორუფციასთან ბრძოლაში და არ შერცხვებიან გამოყენებული საპნისა და დალეული ჩაის ოდენობის დაანგარიშებით. ასევე ჩვენ მზად ვართ, მათ გავუგზავნოთ 1 ქილა თაფლი, ჯემი, საპონი და შამპუნი”, – განუცხადა “უკრაინსკაია პრავდას” ვიქტორ იუშენკოს პრესმდივანმა.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურის მიერ გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტების შესაბამისად, რომელიც 17 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ გამოაქვეყნა, სახელმწიფო სახსრები დახარჯულია “იუშენკოს აბანოს მომსახურეობისთვის” თბილისში, შპს “ნარიყალაში”.

ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტით, რომლითაც დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 591 ლარი გადაიხადა, გაწეული ხარჯის საფუძველში მითითებულია “იუშენკოს აბანოს მომსახურეობა”, თუმცა 591 ლარიდან ძირითადი თანხა 7 პერსონაზეა დახარჯული.

მაგალითად, ხარჯებში ასახულია 7 კაცისთვის პირსახოცის, ჩუსტის, საპნისა და აბანოს მომსახურების ხარჯები.

45 ლარია დახარჯული მურაბიანი ჩაისთვის, 24 ლარი — მინერალური და სასმელი წყლისთვის. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი მათგანის თაფლის მასაჟისთვის 50 ლარია დახარჯული.

დოკუმენტი თარიღდება 2011 წლით, როდესაც ვიქტორ იუშენკო აღარ იყო უკრაინის პრეზიდენტი. ამ დროისთვის მისი საქართველოში ვიზიტის თაობაზე ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი