ახალი ამბები

კორძაია: არ შეიძლება პრეზიდენტის კეთილდღეობას თუ დროსტარებას მოხმარდეს სახელმწიფო სახსრები

18 აპრილი, 2013 • • 1158
კორძაია: არ შეიძლება პრეზიდენტის კეთილდღეობას თუ დროსტარებას მოხმარდეს სახელმწიფო სახსრები

როგორც კორძაიამ “ნეტგაზეთს” გუშინ გასაჯაროებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გახარჯული სახსრების ამსახველი დოკუმენტაციის კომენტირებისას განუცხადა, მას აქვს მოლოდინი, რომ კიდევ არსებობს გასაიდუმლოებული ინფორმაცია.


“მე ძალიან ბევრის მოლოდინი მაქვს იმიტომ, რომ  წლების მანძილზე სწორედ ინფორმაციის თავისუფლებაზე ვმუშაობდი და ტოტალურად იყო გასაიდუმლოებული ყველა ის საკითხი, რაც ფინანსების ხარჯვას ეხებოდა. მე ველოდები, რომ შეიძლება კიდევ მეტი იყოს ამასთან დაკავშირებით გასაიდუმლოებული. მუშაობის რეჟიმში ეს გამოჩნდება“, – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.


კორძაია მიიჩნევს, რომ გუშინ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც პრეზიდენტის დავალებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ სხვადასხვა მიზნისთვის დახარჯული თანხის ოდენობაა ასახული, კორუფციის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც პირველ რიგში მიხეილ სააკაშილის პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება.


“ეს არის კორუფცია იმიტომ, რომ მიზნობრივად გამოყოფილი სახსრები, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უნდა მოხმარებოდა, ხმარდებოდა პირად ინტერესებს აბსოლუტურად დაუსაბუთებელ ხარჯებს და კანონდარღვევით იყო ეს ყველაფერი გასაიდუმლოებული. წლების განმავლობაში მე, როგორც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ერთი ადამიანი დავდიოდი სასამართლოში, ვდაობდი ამ გასაიდუმლოების კანონიერებაზე, მაგრამ ისევე როგორც სასამართლოები, ასევე დაწესებულებები, კიდევ უფრო ასაიდუმლოებდნენ ასეთ ინფორმაციას. ძლივს დადგა დღე, როცა ეს ყველაფერი გასაჯაროვდა და ადამიანებმა დაინახეს, თუ რამდენად კანონიერად ხდებოდა ჩვენი, თითოეული მოქალაქის სახსრების განკარგვა”, – განაცხადა კორძაიამ და დასძინა, რომ შეიძლება დაიბადოს კითხვა, რამდენად კარგად მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სამსახური და რა საჭირო იყო ამხელა სახსრების გამოყოფა.


“გარდა ამისა, არ შეიძლება პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების და მეგობრების პირად კეთილდღეობას თუ  დროსტარებას მოხმარდეს სახელმწიფო სახსრები”, – აღნიშნა მან.


მისივე განცხადებით, გარდა პრეზიდენტისა იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დაისვას, ვინც გავრცელებულ დოკუმენტაციას ხელს აწერდა და თანხებს განკარგავდა. იგი მომხდარში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პასუხისმგებლობის წილსაც ხედავს.


“აუდიტის სამსახურის პირდაპირი ფუნქცია იყო ამის შემჩნევა. აუდიტის სამსახური არის ის სამსახური, რომელსაც შეუძლია, რომ ფარული ხარჯებიც გადაამოწმოს. მას აქვს წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზეც, თუმცა შემდეგ არ უნდა გაასაჯაროვოს ეს ინფორმაცია. შესაბამისად, ისინიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში”, – განაცხადა მან.


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ის დოკუმენტები, რომელთაც საიდუმლო გრიფი ედოთ, გუშინ გასაჯაროვდა. როგორც გაირკვა, პრეზიდენტის დავალებით ზოგიერთი ადამიანისთვის საჩუქრების გაკეთების ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი პრეზიდენტმაც გააკეთა. მას გასაჯაროებული დოკუმენტების აუთენტურობაში ეჭვი არ შეუტანია და განაცხადა, რომ ეს თანხები საქართველოს პოპულარიზაცის ხმარდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი