ახალი ამბები

მერები საკუთარ მოადგილეებს ერთპიროვნულად ვეღარ დანიშნავენ – საკანონმდებლო ცვლილებები

27 ივლისი, 2017 • 1276
მერები საკუთარ მოადგილეებს ერთპიროვნულად ვეღარ დანიშნავენ  – საკანონმდებლო ცვლილებები

პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტების მერები საკუთარი მოადგილეების დანიშვნას საკრებულოს თანხმობის გარეშე ვეღარ შეძლებენ – მერის მოადგილის კანდიდატურას საკრებულოს სრული შემადგენლობის 1/3-მა მაინც უნდა დაუჭიროს მხარი.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ამ ცვლილებების ინიციატორები პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგოლ ლილუაშვილი და ამავე კომიტეტის წევრი – პაატა მხეიძე არიან.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა, საკომიტეტო მოსმენები კი, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება.

პროექტის თანახმად, ცვლილება ხორციელდება კოდექსის 57-ე მუხლში და დეტალურად გაიწერება მერის პირველი მოადგილისა და მოადგილეების დანიშვნის წესი. პროექტის თანახმად, მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს საკრებულოს თანხმობით თანამდებობებზე დანიშნავს მერი, თუმცა, მოადგილის გათავისუფლების საკითხს მერი გადაწყვეტს:

“1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები.

2. მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს საკრებულოს თანხმობით თანამდებობებზე ნიშნავს მერი. მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობებიდან განთავისუფლების საკითხს წყვეტს მერი.

3. მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების თანამდებობებზე დანიშვნაზე თანხმობას საკრებულო გამოხატავს საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით. საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში მერი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში წარადგინოს იგივე ან ახალი 6 კანდიდატურა. თუ საკრებულო კვლავ არ გამოხატავს თანხმობას, მერი უფლებამოსილია არაუმეტეს 3 თვის ვადით დანიშნოს მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების მოვალეობათა შემსრულებლები.

4. თუ საკრებულომ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურით თანხმობა არ მისცა მერს მისი პირველი მოადგილის/მოადგილის დანიშვნაზე, მერი ვალდებულია მომდევნო 3 თვის ვადაში საკრებულოს წარუდგინოს მერის პირველი მოადგილის/მოადგილის ახალი კანდიდატურა. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესი. საკრებულოს თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში მერის პირველი მოადგილის/მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაუშვებელია იმ პირის დანიშვნა, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ერთხელ უკვე ასრულებდა მერის პირველი მოადგილის/მოადგილის მოვალეობას.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურები გრძელდება მერის პირველი მოადგილის და მოადგილეების დანიშვნამდე,”- ვკითხულობთ კანონპროექტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი