თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლის თებერვალში გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურებების სფეროში, რომლის ღირებულებაც დღგ–ს გათვალისწინებით 34 739 500 ლარია. ტენდერში სულ შვიდი კომპანია იღებდა მონაწილეობას: 1. შპს “ელფი”; 2. შპს “ნიკა 2010”; 3. შპს “გუდვილი; 4. შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი”; 5. შპს G.M.M; 6. შპს “ფუდ ლაინ ჯორჯია”; 7. შპს “ლამპარი 2008”.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ყველაზე დაბალი ფასი თავდაცვის სამინისტროს შპს-მ “ლამპარი 2008” შესთავაზა, თუმცა სატენდერო კომისიამ, რომლის ხელმძღვანელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძეა, შესაბამისი დოკუმენტაციის არწარდგენის გამო “ლამპარი 2008”-ს ერთხმად მიანიჭა დისკვალიფიკაცია.
ამის შემდეგ სატენდერო კომისიამ მიმართა შემდეგი დაბალი ფასის წარმომდგენ კომპანია “ფუდ ლაინ ჯორჯია”–ს, რომელსაც დოკუმენტების სატენდერო კომისიისთვის გადასაცემად ვადა 2013 წლის 19 აპრილამდე განესაზღვრა. თუ აღნიშნულმა კომპანიამ დოკუმენტები სრულად წარმოადგინა, მაშინ თავდაცვის სამინისტრო მასთან 34–მილიონიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
შპს “ფუდ ლაინ ჯორჯიას” თავდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიამ 17 აპრილს დისკვალიფიკაცია მიანიჭა დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოდგენის გამო მეორე მსგავს ტენდერში, რომლის ღირებულებაც 39 192 500 ლარია. სატენდერო კომისიამ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნით უკვე მიმართა შემდეგი დაბალი შეთავაზების წარმომდგენ კომპანია “გუდვილს”, რომელსაც დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადად ასევე 19 აპრილი განესაზღვრა. აღნიშნულ ტენდერში 8 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
დღეს, 17 აპრილს, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ხელისუფლება ელიტურ კორუფციაში დაადანაშაულა და განაცხადა: “უმრავლესობის დეპუტატის ირინე იმერლიშვილის მეუღლემ შალვა ბედოშვილმა, რომელიც 5 აპრილს შპს „ფუდ ლაინ ჯორჯიას“ დირექტორი გახდა, 11 აპრილს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ტენდერი სამინისტროს საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას ეხება. აქ მხოლოდ ერთ ლოტზე, თბილისზე არის საუბარი და მისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ იგივე კომპანია ცდილობს კახეთის ლოტზე გამარჯვებული ფირმა ჩამოაშოროს კონტრაქტს. ეს არის ელიტური კორუფციის სერიოზული ნიშნების შემცვლელი ფაქტი და ამ ფაქტს პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ”.
გიორგი კანდელაკის ამ განცხადებას წინ უძღვოდა ირინა იმერლიშვილის მიერ იმ დოკუმენტების გამოქვეყნება, სადაც ასახულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დავალებით სხვადასხვა მიზნებისთვის გაწეული ხარჯები, რომელიც ამ დრომდე საიდუმლო იყო.