ახალი ამბები

სააკაშვილი: ვიბრძოლებ ჩემი სამართლებრივი უფლებისთვის, რომ დავბრუნდე უკრაინაში

27 ივლისი, 2017 • 2039
სააკაშვილი: ვიბრძოლებ ჩემი სამართლებრივი უფლებისთვის, რომ დავბრუნდე უკრაინაში

“მე უფრო მეტად უკრაინელი ვარ, ვიდრე ამჟამინდელი დეპუტატები. მე მიყვარს უკრაინა მთელი გულით და გავაგრძელებ ბრძოლას აქ, ჩვენს უკრაინაში, ყოველგვარი დაბრკოლების მიუხედავად,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად კი უკრაინაში ოპოზიციური პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას.

“უკრაინაში 13 წელზე მეტხანს ვიცხოვრე, ვმონაწილეობდი სამ რევოლუციაში უკრაინაში, მე მხოლოდ ერთი ქვეყნის, უკრაინის მოქალაქეობა მაქვს და მას ვერ ჩამომაშორებენ! ახლა არის მცდელობა, რომ მე ლტოლვილად მაქციონ. ეს არ მოხდება! მე არსად დავრჩები და არ შევიცვლი სტატუსს! მე ვიბრძოლებ ჩემი სამართლებრივი უფლებისთვის, რომ დავბრუნდე უკრაინაში! პოროშენკომ გადაწყვიტა უჩუმრად ჩამოერთმია ჩემთვის მოქალაქეობა, როცა გასული ვარ ქვეყნიდან. როგორც კი ხელისუფლებამ დაინახა, რომ ოპოზიცია ერთიანდება, რათა ქუჩაში გამოვიდეს შემოდგომაზე და ბოლო მოუღოს ოლიგარქიულ მმართველობას, მათ გონებას შიშმა სძლია. პრეზიდენტმა პოროშენკომ არაფრად ჩააგდო კონსტიტუცია, რომლის გარანტიც უნდა იყოს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პოროშენკო საქართველოში იმყოფებოდა იმისთვის, რომ შეთანხმებოდა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც პრორუს ოლიგარქად მოიხსენიებს. სააკაშვილის თქმით, იმ საბაბით წაართვის მოქალაქეობა, თითქოს უკრაინის პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები მიიღო, რომ მის წინააღმდეგ აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე, რაც მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველია.

“ეს მორიგი ტყუილია. მას შემდეგ, რაც მე უკრაინის მოქალაქეობა მომანიჭეს, ჩემ წინააღმდეგ საქართველოში არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. ხოლო ის ძველი საქმეები, რომელთა ფაბრიკაცია მოხდა ჩემ წინააღმდეგ, საქართველოს გარდა, არც ერთმა ქვეყანამ არ აღიარა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, 24 ივლისს პოროშენკომ მოქალაქეობის მინიჭების კომისიაში ახალი კადრები დანიშნა, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტის მითითებს ასრულებენ.

“დღეს შენ, პეტრო პოროშენკოვ, გადაკვეთე წითელი ხაზი,” – განაცხადა სააკაშვილმა.

“მე უკრაინის მოქალაქეობა რეფორმებისთვის ბრძოლის გამო მივიღე, რომ მებრძოლა უკრაინის წარმატებული მომავლისთვის, რაზეც ასევე დამოკიდებულია ჩემი მშობლიური საქართველოს ბედიც. ჩემთვის მოქალაქეობა ცარიელი დატვირთვის მატარებელი არ არის. ყოველდღე, როცა მე უკრაინის მოქალაქის პასპორტი მეჭირა ხელში, ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რათა უკრაინა ქცეულიყო წარმატებულ ევროპულ სუპერსახელმწიფოდ,” – აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად აშშ-ში იმყოფება. გუშინ, 26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამ ფაქტს წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტისა და დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი