ახალი ამბები

ირინა იმერლიშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯთაღრიცხვითაც დაინტერესდება

17 აპრილი, 2013 •
ირინა იმერლიშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯთაღრიცხვითაც დაინტერესდება

“აუცილებლად დავინტერესდები. ალბათ, იმასაც ადევს გრიფი საიდუმლო და მოსახსნელი იქნება ეს გრიფები. მე ეჭვი არ მეპარება, რომ თუ მსგავსი დარღვევები არის დაფიქსირებული დაცვის სპეციალურ სამსახურში, რომელიც ძალიან მაღალი თანამდებობის პირების და ქვეყნის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, ამ სამსახურიდან თუ ასეთი ტიპის გაფლანგვებზეა საუბარი, მაშინ არის იმის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფონდებშიც მსგავსი რამ ხდებოდეს.”

 

იმერლიშვილმა უკვე გამოითხოვა ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში ფინანსთა მინისტრების ხელფასებსა და პრემიებზე:

 

“მე ახლა გამოვითხოვე ფინანსთა მინისტრების 10 წლის განმავლობაში ხელფასები. როდესაც ჩვენი კოლეგები ლაპარაკობენ, რომ ჩვენს მინისტრებს აუღიათ დიდი ხელფასები რაღაც პერიოდის განმავლობაში, მე მაინტერესებს შევადაროთ, მაგალითად, ფინანსთა მინისტრების პრემიები, 10 წლის განმავლობაში რამდენი იყო მათი ხელფასი, რამდენი იყო დანამატი და რამდენი იყო პრემია თვეების განმავლობაში და ამას აუცილებლად წარმოგიდგენთ.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გრიფით საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვეს. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გრიფით საიდუმლო ხარჯთაღიცხვაზე, რომელსაც, იმერლიშვილის თქმით, გრიფი პროკურატურამ მოხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი