დოკუმენტების მიხედვით, სანატორიუმ “ესპას ანრი შენოში” 2011 წლის 12-17 თებერვალს მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ – ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ამჟამად კი პარლამენტარი გიორგი ბარამიძე და ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე.
დოკუმენტების მიხედვით, პრეზიდენტს სანატორიუმში ოთახის დაქირავება სულ 4 991 ევრო დაუჯდა, ბარამიძეს – 4921 ევრო, ხოლო არველაძეს – 2 374 ევრო. სანატორიუმში ყოფნისას პრეზიდენტმა 876 ევროს ღირებულების დამატებითი სერვისი შეიძინა, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა მომსახურება.
სანატორიუმში ყოფნის დროს პრეზიდენტმა სამედიცინო მომსახურებაში 3000 ევრო გადაიხდა, ხოლო ბარამიძემ- 251 ევრო. როგორც ირკვევა პრეზიდენტის ტრანსპორტირება, ჯამში, 18 900 ევრო დაჯდა. მიხეილ სააკაშვილმა იტალიაში თხილამურებზე დასადგომი სპეციალური ფეხსაცმელი 256 ევროდ შეიძინა, სათვალე- 45 ევროდ, ხოლო ველოსიპედი- 99 ევროდ.
დოკუმენტაციის მიხედვით, ჯამში, სააკაშვილის, ბარამიძის და არველაძის მერანოში 5–დღიან ვიზიტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 37 492 ევრო დაიხარჯა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილი ზემოხსენებული კურორტის ხშირი სტუმარი იყო, რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ჟურნალისტმა თინა კანდელაკმა საკუთარ ბლოგზე გასული წლის 20 ნოემბერს გამოაქვეყნა.
კანდელაკის ცნობით, ეს სპა-კურორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებისა და ცნობილი ადამიანების ნაკლებობას არ უჩივის. მას ხშირად სტუმრობენ მაღალი თანამდებობის პირები და სპორტსმენები, მათ შორის, დიეგო არმანდო მარადონა.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ არის გამოქვეყნებული რაიმე ცნობა იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს 2011 წლის თებერვალში ვიზიტი ჰქონდა იტალიაში. ამავე ვებ-გვერდის ცნობით, 12 თებერვალს სააკაშვილი იმყოფებოდა თურქეთში და საქართველოში დაბრუნდა 18 თებერვალს.
