პარლამენტმა თვითმმართველობის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს წინააღმდეგ 78-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ხოლო 5-მა დეპუტატმა ვეტოს მხარი დაუჭირა.

გიორგი მარგველაშვილმა  „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმდევ კანონპროექტთა პაკეტს დაადო ვეტო. ვეტოს შესახებ პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ ისაუბრა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის როგორც ძირითად, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს, ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელონ. ანა დოლიძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის უარყოფით მხარეებზე. მან განაცხადა, რომ ეს დემოკრატიის ხარისხს აუარესებს.

პლენარულ სხდომადე ეს საკითხი გუშინ, 25 ივლისს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, ასევე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. კომიტეტებმა პრეზიდენტის ვეტოს გაზიარებას ხმა ერთსულოვნად არ დაუჭირეს.

პლენარულ სხდომაზეც და საკომიტეტო მოსმენებზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ანა დოლიძეს სიტყვის “ერთმევა” გამოყენებას საყვედურობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თვითმმართველობა კი არ უქმდება, არამედ მსხვილდება. ასევე, უმრავლესობის წევრები აქცენტს აკეთებდნენ იმ ფინანსებზე, რომლებიც თვითმართველობისთვისაა საჭირო.

ვეტოს შესახებ ვრცლად ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„ვეტო არის მთლიანად დაუსაბუთებელი. არც ერთი არგუმენტი არ არის მოყვანილი რეალურად, რომელიც დაასაბუთებდა ამ ვეტოს. საუბარია ნულოვან არგუმენტაციაზე. აქედან გამომდინარე, კოლეგებო, ჩვენ შეგვიძლია, აბსოლუტურად სუფთა და თავისუფალი სინდისით უარვყოთ პრეზიდენტის ვეტო და მხარი დავუჭიროთ პირვანდელ ცვლილებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com