წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა სტუმრებმა – მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, აჭარის მთავრობის მაშნდელმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა რაფაელ გლუკსმანმა ორი ღამე გაატარეს ფხუკეთის სასტუმრო “Amanpuri”-ში.

 

სასტუმროს მომსახურების ხარჯებისთვის პრეზიდენტის სახელზე რამდენიმე ინვოისია წარმოდგენილი ერთი და იგივე თარიღებით (2012 წლის 22 მარტიდან 24 მარტამდე) და, საერთო ჯამში, გადახდილია 60 542 ლარი.

პრეზიდენტის სასტუმროს მომსახურების ხარჯი ფხუკეთში
პრეზიდენტის სასტუმროს მომსახურების ხარჯი ფხუკეთში

 

ამავე პერიოდში ფხუკეთის სასტუმროში პრეზიდენტის სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა დავით ბაქრაძე და მისთვის სასტუმროს მომსახურების ხარჯები ასევე დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან დაიფარა, ჯამში – 12 489.05 ლარი. 

 

ვარშალომიძისა და გლუკსმანის ორდღიანი დასვენება სასტუმრო “Amanpuri”-ში ბიუჯეტს, ჯამში, 11 967.52 ლარი დაუჯდა.

 

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი დასასვენებლად იმყოფებოდა ტაილანდის კუნძულ ფხუკეთში “ნეტგაზეთმა” გასული წლის 24 მარტს გამოაქვეყნა  ტაილანდურ მედიაზე დაყრდნობით, თუმცა მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მაშინ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან 2012 წლის 20 მარტს გაემგზავრა და იგი მონაწილეობდა German Marshall Fund of the US-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ, არაფორმალურ კონფერენციაში მიუნხენის მახლობლად, ხოლო 27-28 მარტს სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით.

 

როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებიდან ირკვევა, 20-24 მარტს მიხეილ სააკაშვილი ფხუკეთში იმყოფებოდა, სადაც მას ოფიციალური შეხვედრები არ ჰქონია.

 

ფხუკეთი  ტაილანდის სამხრეთში მდებარე ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის უმეტესი ნაწილი ტროპიკული ტყეებითაა დაფარული.

 

ტურისტული სააგენტოების ცნობით, “კუნძულზე ყველასთვის მოიძებნება დასვენებისა და გართობის შესაბამისი წყარო. განმარტოებისა და სიშვიდის მაძიებელთათვის სანაპიროზე გაშენებულია ბუნგალოები, კომფორტის მოყვარულთათვის მრავლად არის ძვირფასი სასტუმროები, ღამის გართობებისთვის კი გელით რესტორნები, ბარები და დისკოთეკები. საუკეთესო სეზონი ფხუკეთში ვიზიტისთვის დეკემბერი–მარტის პერიოდია.”

ფხუკეთი
ფხუკეთი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *