როგორც მინისტრმა დღეს სასტუმრო “ამბასადორში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში მცხოვრებ სომხებს აქვთ უფლება პარლამენტს შესაბამისი პეტიციით მიმართონ, მაგრამ საქართველოს მთავრობას თავისი ინტერესები აქვს, როემლიც სომეხ მოქალაქეებს კარგად უნდა აუხსნას.
მინისტრის თქმით, იგი თავის დროზე არც ჩერქეზთა გენოციდის აღიარების გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა, რადგან ამ ფაქტმა რეგიონში გაუგებარი სიტუაცია შექმნა.
“ჩერქეზთა გენოციდი მსოფლიოში არავის უღიარებია, ამ პრეცედენტის შექმნა სწორედაც რომ არ იყო სწორი. რუსეთის საქმეა, რომ გადახედოს თავის წარსულს. რაც შეეხება სომხეთს, ორივე სახელმწიფოსთან [თურქეთთანაც და სომხეთთანაც] ჩვენ გვაქვს კეთილმეზობლური დამოკიდებულება. ამიტომ ჩემი მკაფიო პოზიციაა, რომ საქართველო რეგიონში დესტაბილიზაციის შემომტანი არ უნდა გახდეს. სომხეთში გაგებით ეკიდებოდნენ ამ პოზიციას, მაგრამ სიტუაცია გაუგებარი გახდა მას შემდეგ, რაც ჩერქეზთა გენოციდი ვაღიარეთ”, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედმა სომხურმა სათვისტომო ორგანიზაციებმა დღეს პარლამენტს სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართეს.