ქართულ–სომხური ურთიერთობების განსახილველად დღეს სასტუმრო “ამბასადორში” მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც გენოციდის მსხვერპლთა მიმართ პატივისცემა წუთიერი დუმილით გამოხატეს:
“ქართველები და სომხები ბიბლიური ძმები არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო დროს გამოჩნდნენ პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები და ისტორიკოსები, რომლებსაც უნდათ ისტორიის ფალსიფიკაცია. ისინი ამბობენ, რომ ქართველები და სომხები იყვნენ ერთმანეთის მტრები. ამასთან ერთად ისინი საუბრობენ, რომ ჩვენ გვქონდა საუკუნოვანი მეგობრობა აზერბაიჯანთან, რაც ტყუილია. ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ყიზილბაშები და ჩვენ ისტორიულად ვიცით, თუ როგორ აწიოკებდნენ ისინი საქართველოს. ეს ძალები ფინანსდებიან თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მიერ”, – აცხადებს ერეკლე მეორეს საზოგადოების ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე. მისი თქმით, აუცილებელია საქართველომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას და სომეხთა გენოციდი აღიაროს:
“საქართველომ აღიარა ჩერქეზთა გენოციდი, რაც რეალურად არ არსებობდა და არ აღიარებს სომეხთა გენოციდს. მართალია, ეს ნაბიჯი საქართველომ რუსეთის გასაღიზიანებლად გადადგა, მაგრამ ეს იყო საქართველოში მცხოვრები სომხების შეურაცხყოფა”, – აცხადებს არჩილ ჭყოიძე.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები გენოციდის აღიარებასთან ერთად საქართველოს ხელისუფლებისგან სპეციალური ადგილის გამოყოფას ითხოვენ, სადაც გენოციდის მსხვერპლთა პატივსაცემდ მემორიალი დაიდგმება:
“დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ მოვითხოვთ არა მარტო გენოციდის აღიარებას, არამედ პროპაგანდის გაჩერებას, რომელიც მიდის საქართველოში სომხების წინააღმდეგ. ჩვენი მეგობრობა საუკუნოვანია, ახლა არ გვაქვს ცუდი ურთიერთობები, მაგრამ წინანდელი ურთიერთობა სხვანაირი იყო და ეს ხალხს სწყურია. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით ქრისტიანობის ოაზისად და უნდა დავიცვათ როგორც ქრისტიანობა, ასევე ჩვენი ურთიერთობები”, – აცხადებს სომეხთა ასამბლეის ხელმძღვანელი დავით მანუსაჯოვი.
შეხვედრის მიმდინარეობისას სომეხთა გენოციდის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა. მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ ერეკლე მეორეს საზოგადოება და თბილისის სომეხთა ასამბლეა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მათი თქმით, მემორანდუმზე ხელმოწერა სურვილის შემთხვევაში სხვა დიასპორების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.