ახალი ამბები

სტრასბურგის მოსამართლეობისთვის საქართველოს მთავრობა მორიგ კონკურსს აცხადებს

25 ივლისი, 2017 • 12061
სტრასბურგის მოსამართლეობისთვის საქართველოს მთავრობა მორიგ კონკურსს აცხადებს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ევროსასამართლოში საქართველოდან მოსამართლეობის კონკურსს ლადო ჭანტურია გააგრძელებს. სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე კონკურსს გამოეთიშნენ.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ექსპერტ-მრჩეველთა კოლეგიამ , რომელიც მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებაზე მუშაობდა, შოთა გეწაძის შემთხვევაში ნაკლად კანდიდატის ახალგაზრდა ასაკი მიიჩნია. გეწაძე 35 წლისაა და მას 7-წლიანი სამოსამართლეო კარიერა აქვს. წულუკიანმა, კოლეგიის გადაწყვეტილების ახსნისას იმაზე მიუთითა, რომ ევროსასამართლოს ორგანოებმა 2009 წლიდან მოთხოვნები გაამკაცრა, თუმცა უკავშირდებოდა თუ არა ეს განკაცრებული მოთხოვნები ასაკს, არ დაუკონკრეტებია.

“ქალბატონი სოფიო ჯაფარიძის შემთხვევაში ნათქვამია ის, რაც ჩვენ ყველამ ვიცით. კერძოდ ის, რომ მას აქვს ღირებული პროფესიული გამოცდილება, კარგი ცოდნა ადამიანის უფლებათა სამართალში. მაგრამ ქალბატონი სოფიოც გახლავთ 36 წლის და მიჩნეული იქნა, რომ მის პროფესიული გამოცდილების მასშტაბი და ხანგრძლივობა ამ ეტაპზე არის შედარებით ხანმოკლე”- განაცხადა წულუკიანმა დღეს, 25 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, დღეს კონკურსი ცხადდება ეროვნულ დონეზე 2 ადგილზე. წულუკიანმა მოწიფული ასაკის იურისტებს მოუწოდა, კონკურსში მონაწილეობა მიიღონ, რომელიც 25 აგვისტომდე გაგრძელდება. წულუკიანის თქმით, ასაკის ქვედა ზღვარის დაწესება მოუწევთ, ასაკის ზედა ზღვარი სტრასბურგის სასამართლოს ისედაც აქვს დაწესებული. წულუკიანმა ქალ იურისტებს მოუწოდა კონკურსში მონაწილეობა მიიღონ, რადგან იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სია გენდრულად დაბალანსებული უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობას უკვე მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ უკონკურსოდ ჩაანაცვლა. მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი)  ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა. სწორედ ორ ახალ კანდიდატს ეძებს ამჯერად კონკურსის გზით საქართველოს მთავრობა.

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ეროვნულ დონეზე მკვეთრად აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი