ახალი ამბები

გაორმაგებული თანამდებობრივი სარგოები სპორტის სამინისტროში – აუდიტის სამსახურის ანგარიში

25 ივლისი, 2017 • 2285
გაორმაგებული თანამდებობრივი სარგოები სპორტის სამინისტროში – აუდიტის სამსახურის ანგარიში
გაორმაგებული თანამდებობრივი სარგოები, დანამატები და ზედმეტად  ანაზღაურებული სამივლინებო დანახარჯები, – ეს იმ საკითხების ნაწილია, რაზეც აუდიტის სახელმწიფო სამსახური სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიშში ამახვილებს ყურადღებას.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში „ფეხბურთის განვითარების ფონდში“ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, ფაქტობრივად, დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო
შეადგენდა 3,000 ლარს, მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით ის არ უნდა აღემატებოდეს 1,500 ლარს.
ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ფონდის დირექტორის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 6,250 ლარს, მაშინ, როდესაც ის არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს -2,950 ლარს.

ანგარიშის მიხედვით, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სამინისტროს თანამშრომელთა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით და სამინისტროში კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მიზნით, 2016 წლის განმავლობაში (2016 წლის 1 იანვრიდან) სამინისტროს 23 თანამშრომლისთვის დაწესდა ყოველთვიური დანამატი.

სამინისტროში გაცემული დანამატები თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს, განმარტავს აუდიტის სამსახური.

აუდიტის მიხედვით, სსიპ „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის’’ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებების ფარგლებში სამივლინებო თანხები ზედმეტად აუნაზღაურეს თანამშრომლებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, ოფიციალური მიწვევების თანახმად, ღონისძიების ორგანიზატორი მხარე უზრუნველყოფდა როგორც კვების, ასევე სასტუმროს ხარჯების დაფარვას, მივლინებულ თანამშრომელზე თანხები გაიცა სასტუმროს დაქირავების მიზნით, ხოლო სადღეღამისო ხარჯები ანაზღაურდა სრულად, ნაცვლად კანონმდებლობით გათვალისწინებული 30%-ისა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აუდიტის მიმდინარეობისას ანგარიშვალდებულმა პირმა დააბრუნა 2016 წელს ზედმეტად ანაზღაურებული თანხა 4,023 ლარის ოდენობით.
აუდიტის ანგარიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი