ახალი ამბები

ახალაიას პროცესი სასამართლოში მკურნალიძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო

16 აპრილი, 2013 • 1028
ახალაიას პროცესი სასამართლოში მკურნალიძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო

მოსამართლე გიორგი დარახველიძის თქმით, გაგა მკურნალიძემ სასამართლოში გამოაგზავნა განცხადება ციხიდან, სადაც წერია, რომ მას არ სურს სასამართლო პროცესზე დასწრება და მის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს მისი ადვოკატი.

 

ადვოკატის თქმით, მან არ იცის ამ განცხადების შესახებ და ეს მოსამართლისგან შეიტყო.

 

მოსამართლის განმარტებით, საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს ბრალდებულის გარეშე, თუ ის თავს არიდებს სასამართლოს.

 

 

მოსამართლის შეკითხვაზე, არიდებს თუ არა მკურნალიძე თავს სასამართლოში გამოცხადებას, ადვოკატმა უპასუხა, რომ ეს ასე არ არის და შესაძლოა იგი განპირობებული იყოს მკურნალიძის გადატვირთული გრაფიკით, რადგან მის წინააღმდეგ სასამართლოში სხვადასხვა საქმეზე მიმდინარეობს პროცესები.

 

პროკურორების განცხადებით, რახან მკურნალიძემ წერილით ნება გამოხატა, რომ მის გარეშე ჩატარდეს პროცესი, ეს ასეც უნდა მოხდეს, თუმცა ადვოკატმა სიტუაციაში გარკვევის მიზნით პროცესის გადადება მოითხოვა. მან განაცხადა, რომ პირადად შეხვდება მკურნალიძეს და გაარკვეს, რატომ განაცხადა უარი სასამართლო პროცესზე დასწრებაზე.

 

მოსამართლემ ადვოკატს დაავალა, რომ მომდევნო პროცესისთვის გამოარკვიოს ზუსტი მიზეზი, მკურნალიძე თავს არიდებს, თუ ვერ ახერხებს სასამართლო პროცესზე მისვლას.

 

დღევანდელ პროცესს არც ბაჩო ახალაია ესწრებოდა, რომელიც წინა სხდომიდან გააძევა მოსამართლემ და ამის გამო გუშინ მისმა ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ახალაიას პროცესზე დაბრუნების შესახებ. თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე უცნობია. მოსამართლის თქმით, მომდევნო პროცესზე გააცნობს დაცვის მხარეს თავის გადაწყვეტილებას ამ საკითხზე.

 

სასამართლოში დღეს არ მისულან არც ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც აქამდე ყველა პროცესში მონაწილეობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი