ახალი ამბები

ნიკა გვარამია: ქუმსიშვილმა რუსთავი 2-ის ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია

21 ივლისი, 2017 • 2093
ნიკა გვარამია: ქუმსიშვილმა რუსთავი 2-ის ფინანსური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია

ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაარღვია კანონი და გათქვა რუსთავი 2-ის კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაცია – ამის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

ვაპირებთ მივმართოთ საერთაშრისო სასამართლო ინსტიტუტებს, რომ სრულად იყოს ანაზღაურებული საქართველოს სახელმწიფოს მიერ რუსთავი 2-ისთვის მიყენებული ზარალი.

“ძალიან უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს კანონმდებლობა მინისტრის მიერ, მან გათქვა ის ინფორმაცია, რომლის დაცვა პირველ რიგში მას ევალება, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია… ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი არა მხოლოდ შიდა სამეწარმეო წრეებისთვის, არამედ ბიზნესისთვის. ეს არის კონკურენტების სასარგებლოდ თამაში, რაც დღეს მინისტრმა გააკეთა. შემთხვევითი არაა, რომ “იმედის” ეთერში გააკეთა,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ამავე ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ აღნიშნა, “რუსთავი 2”-ს გადასახადების გადახდის პრობლემა ყადაღის გამო შეექმნა -“ვადასტურებ, რომ გვაქვს დავალიანებები, მაგრამ ასევე ვადასტურებ, რომ ეს დავალიანებები წარმოიშვა უმძიმესი წნეხის გამო.”

მანვე განაცხადა, რომ თუკი ამ დავალიანების გამო რუსთავი 2-ის საოპერაციო ანგარშებს დაედება ყადაღა, ეს ტელეკომპანიის დახურვას ნიშნავს.

“თუ რუსთავი 2-ის ანგარიშებს დაედება საგადასახადო საინკასო დავალება, ეს ნიშნავს ტელეკომპანიის დახურვას და იმის მიღწევას, რაც აქამდე ვერ შეძლო სახელმწიფომ,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღეს, 21 ივლისს, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ “რუსთავი 2” არ იხდის გადასახადებს და ეს არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნის.

“ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. როდესაც ერთი კომპანია არ იხდის გადასახადებს, ის არაკონკურენტულ გარემოშია და, შესაბამისად, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მას მეტი ფული რჩება. შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა უკეთესი თანამშრომლები იქირაოს, უკეთესი ტექნიკა შეიძინოს, უკეთესი გადაცემები გააკეთოს, რაც, რა თქმა უნდა, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ეს არ ეხება კონკრეტულად “რუსთავი 2”-ს, ამ შემთხვევაში, ეს ეხება ზოგადად, მთლიანად. მე ვარ დარწმუნებული, რომ “რუსთავი 2-თან” იქნება მიღწეული გონივრული გრაფიკი გადასახადის გადახდის,” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი