ახალი ამბები

ანა დოლიძე: მუხთარლის საქმეზე მღებრიშვილის გადაწყვეტილება მისასალმებელია

20 ივლისი, 2017 • 2328
ანა დოლიძე: მუხთარლის საქმეზე მღებრიშვილის გადაწყვეტილება მისასალმებელია

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილება მისასალმებელია.

“მუხთარლის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად შესაბამისი და ადეკვატური გადაწყვეტილებაა, მისასალმებელია, თუმცა, როგორც მანამდე განვაცხადეთ, ველოდებით გამოძიების დასრულებას და შედეგებს, სერიოზულ დასკვნებს ამ საქმესთან მიმართებაში,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

დღეს, 20 ივლისს, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გამართა ბრიფინგი, სადაც გამოძიების შუალედური ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ მუხთარლის საქმის გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან არიან დათხოვნილი შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით ნიკოლეიშვილი და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კუპრაშვილი, ვინაიდან ,მინისტრის თქმით, მუხთარლის მიერ “საზღვრის კვეთა მოხდა გაურკვეველ ვითარებაში”.

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო გამოძიება შსს-მ დაიწყო 30 მაისს, მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებსაც ეცვათ საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის ფორმები. მისი თქმით, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააპატიმრეს. აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყების ცნობით, მუხთარლიმ თვითონ გადაკვეთა საზღვარი, სადაც ის დააკავეს კონტრაბანდული ფულის გადატანის ბრალდებით.

მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ ითხოვდა დაკავებულის ოჯახი, თუმცა პროკურატურამ ეს საქმე მუხთარლის გატაცებიდან 1.5 თვის შემდეგ გადაიბარა. გუშინ, 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი