ახალი ამბები

უგულავა: ომის დროს “მასკოვსკაია კვარწირაში” მყოფ კბილაშვილს არ შეუძლია ომი გამოიძიოს

14 აპრილი, 2013 • • 971
უგულავა: ომის დროს “მასკოვსკაია კვარწირაში”  მყოფ კბილაშვილს არ შეუძლია ომი გამოიძიოს

“ჯერ არ მიუღია, მაგრამ, როგორც ჩანს, აპირებს საქართველოს მთავრობა და ეს იქნება ყველაზე ბრიყვული გადაწყვეტილება. არავითარ საერთაშორისო ვალდებულებას ეს არ წარმოადგენს. საერთაშორისო საზოგადოებამ ობიექტური გამოძიების შედეგები  თავის დროზე დადო, მე ვგულისხმობ ტალიავინის კომისიის დასკვნას. არავის არ სჯერა, რომ კბილაშვილს, რომელიც ომის დროს თავის “მასკოვსკაია კვარწირაში” იჯდა, შეუძლია რაიმე ობიექტური გამოძიების ჩატარება. არავის არ სჯერა, რომ ლაშა ნაცვლიშვილს, რომელიც ყოველთვის თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში პირდაპირ რუსეთის მოკავშირე იყო, რაიმე ობიექტური გამოძიების ჩატარება შეუძლია. რა თქმა უნდა, არც იმის არავის სჯერა. ივანიშვილი ურეკში გასაქცევად გამზადებული იყო და სარფში კორიდორს ითხოვდა სწრაფად გასვლისთვის. არავის არ სჯერა, რომ ამ ხალხს რაიმე ობიექტური გამოძიების უნარი აქვს. ასე რომ, იმ პრობლემებს მიხედეთ,  რომლებიც ქვეყანაში, სამწუხაროდ, ობიექტურად დაგროვდა. ვგულისხმობ ეკონომიკურ პრობლემებს. ვერანაირი ინსინუაციებით, გამოძიების მოშველიებით და საერთაშორისო სასამართლოს მოშველიებით ამ პრობლემებს ვერ გადაფარავ. ეს საქართველოს რეპუტაციას ავნებს”, – აღნიშნა გიგი უგულავამ. 

მერის განცხადებით,   გამოძიების ჩატარება ნიშნავს, რომ საქართველოს აღარასდროს  ეყოლება ქმედითი ჯარი და ვეღარასდროს ვეღარ შევძლებთ იმას, რომ მტერს გავუმკლავდეთ.

 

“მიუხედავად სიტუაცციურ ბრძოლაში დამარცხებისა, მიზანი რაც იყო, თბილისის აღება ვერ მოხერხდა, ეს ნიშნავს იმას, რომ  ვერც ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის, თუ საჭირო გახდება საომარ მოქმედებებში, ქვეყანას ვეღარ უხელმძღვანელებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთოდ ქვეყანა არ გვექნება.  ამიტომ ეს ხალხი უნდა დაფიქრდეს, რას აკეთებს. ეს არ არის ჩვეულებრივი გამოძიება, რაღაცებს, რომ ატარებენ, თუნდაც ჩემს წინააღმდეგ და ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ.  გამოძიება თუ დაიწყო, ის გამომძიებლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ გამოძიებაში, ეს არ არის- “რა ვქნა, დამავალეს”, ამ შემთხვევაში ნებისმიერი გამომძიებელი მიიღებს ღალატში მონაწილეობას და შესაბამისად დაისჯება, როდესაც ამის დრო დადგება”. – განაცხადა მერმა. 

 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს: იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, პრემიერ–მინისტრმა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. 

 

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი:

 

„მე არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის საბოლოო მიზანი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირ არის მიმართული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ!“ 

 

სააკაშვილის თქმით, 2008 წლიდან მოყოლებული არც ერთ ოფიციალურ პირს, გარდა რუსული ოფიციალური პირებისა და ჰუგო ჩავესისა, არასოდეს დაუდანაშაულებია საქართველო ომის ინიცირებაში, ომის გაჩაღებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი