ახალი ამბები

საია: თბილისის მერიიდან პირადი განცხადებით დათხოვნების ტენდენცია გრძელდება

19 ივლისი, 2017 • 1681
საია: თბილისის მერიიდან პირადი განცხადებით დათხოვნების ტენდენცია გრძელდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს მონიტორინგს, სადაც საუბარია, რომ თბილისის მერიიდან თანამშრომელთა პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნის ტენდენცია გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, 2016 წლის 6 თვეში მერიის სამსახურებიდან 68 ადამიანი გაათავისუფლეს პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო  2016 წელს – 128.

საიას განცხადებით, მერიამ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით განხორციელდა ორი რეორგანიზაცია: მერიის კულტურისა და იურიდიულ საქალაქო სამსახურებში.

საია აცხადებს, რომ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რეორგანიზაციის პროცესში არ შემცირებულა შტატები:

“მერიის ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესში შიდა საკადრო აუდიტის ან სამუშაო ჯგუფის მიერ რამე დასკვნა ან რეკომენდაცია არ შემუშავებულა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრებოდა რეორგანიზაციის საჭიროება და ძირითადი ცვლილებები. ზემოაღნიშნულ რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება არ მომხდარა, რაც გამოიწვევდა მერიაში დასაქმებული პირების სამსახურიდან გათავისუფლებას,”- აცხადებს საია.

თუმცა, ამის მიუხედავად, ორგანიზაციის განცხადებით, შეინიშნება თანამშრომელთა გათავისუფლების ტენდენცია პირადი განცხადების საფუძველზე:

“მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,  თბილისის მერიის ადმინისტრაციიდან მონიტორინგის პერიოდში  პირადი განცხადების საფუძველზე სამსახური დატოვა 43-მა საჯარო მოსამსახურემ, ხოლო მერიის დაქვემდებარებაში არსებული აიპებიდან –  25-მა თანამშრომელმა.  („საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღიდან“ – 11, „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია – 10, „თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი – 2, „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი -2),”- აცხადებს საია.

საია მიიჩნევს, რომ  მერიიდან და მის დაქვემდებარებაში არსებული აიპებიდან პირადი განცხადების საფუძველზე 6 თვეში 68 თანამშრომლის წასვლა საკმაოდ მაღალია და “საფუძვლიან კითხვებს აჩენს დასაქმებულთა მიერ აღნიშნული გადაწყვეტილებების ნებაყოფლობით მიღებასთან დაკავშირებით.” 

“სამსახურიდან გათავისუფლების არსებული სტატისტიკა განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს და ქმნის გონივრული ეჭვის საფუძველს, რომ საჯარო დაწესებულების მიერ პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების მექანიზმი შესაძლოა ბოროტად იყოს გამოყენებული, რათა დამსაქმებელმა თავიდან აირიდოს რეორგანიზაციის საფუძველზე საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლების დასაბუთება და მათთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, მონიტორინგის პერიოდში, თბილისის მერიაში სამსახურიდან გათავისუფლების სტატისტიკა შესაძლოა მსგავსი გარემოებების არსებობით იყოს განპირობებული,”- აცხადებს საია.

ორგანიზაციის განცხადებით, საჯარო დაწესებულებებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა საჯარო სამსახურში პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლებისას გაიზარდოს საჯარო მოსამსახურის დაცვის გარანტიები და მინიმუმამდე შემცირდეს ამ მექანიზმის ბოროტად გამოყენების რისკი.

საიას განცხახება სრულად ნახეთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი