ახალი ამბები

წულუკიანი: სააკაშვილის ექსტრადიცია მტკიცებულებების საკითხია, რომელიც მის საზიანოდ მეტყველებს

19 ივლისი, 2017 • 2240
წულუკიანი: სააკაშვილის ექსტრადიცია მტკიცებულებების საკითხია, რომელიც მის საზიანოდ მეტყველებს

იუსტიციის მინისტრის თქმით, უკრაინის პრეზიდენტიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი არ არის პოლიტიკური, ხოლო მტკიცებულებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საზიანოდ მეტყველებს. ამის შესახებ წულუკიანმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მოხარულია, რომ უკრაინელი პარტნიორების მხრიდან დაზუსტდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისა და ქართული მხარის მოთხოვნის შესახებ.

“დიახ, ჩვენ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ორჯერ მივმართეთ უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით და ორივეჯერ მივიღეთ ოფიციალურად უარი. ეს ინფორმაცია უკვე დაზუსტდა, რომ ეს ნამდვილად ასეა. ჩვენი მოთხოვნა, რომელიც გაიგზავნა, დასაბუთებული იყო მტკიცებულებებით. ამავე მტკიცებულებების საფუძველზე უკრაინულ მხარეს შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ამ ეტაპზე უკვე მისთვის მისაღები. თუმცა, რა თქმა უნდა, პროკურორები გააგრძელებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას და როგორც უკრაინის პრეზიდენტმაც განაცხადა, ეს ვერ იქნება პოლიტიკური პროცესი. ეს არის მტკიცებულებების საკითხი და მტკიცებულებები მეტყველებს ბატონი სააკაშვილის საზიანოდ,” – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოს უკრაინისთვის არ მიუმართავს, თუმცა დღის ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დააზუსტა ინფორმაცია და გაარკვია, რომ ექსტრადიციის მოთხოვნაზე უკრაინამ უარი განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული. მასზე გამოცხადებულია შიდა ძებნა, თუმცა ინტერპოლი წითელი ცირკულარით არ ეძებს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი