ახალი ამბები

პოროშენკო: გადავამოწმე და სააკაშვილის ექსტრადირებაზე უკრაინამ უარყოფითი პასუხი გასცა

19 ივლისი, 2017 • 3119
პოროშენკო: გადავამოწმე და სააკაშვილის ექსტრადირებაზე უკრაინამ უარყოფითი პასუხი გასცა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ ინფორმაცია გადაამოწმა და გაიგო, რომ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უკრაინამ საქართველოს ხელისუფლებას უარი განუცხადა. აღნიშნულის შესახებ პოროშენკომ “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს სრულ ვერსიას, მაყურებელი 23 ივლისს იხილავს. 

“სამწუხაროდ, არ ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის ჩარევის გარეშე განიხილება. ახლა გადავამოწმე ინფორმაცია და უკრაინამ გასცა ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია. ჩვენ არ განგვიხილავს ექსტრადირების საკითხი ვიზიტის დროს, მაგრამ თუ ეს მომავალში მოხდება, ეს იქნება ძალოვანი სტრუქტურების და გენერალური პროკურორის პრეროგატივა, რომელიც ძალიან ყურადღებით განიხილავს ნებისმიერი დამნაშავის ექსტრადირების მოთხოვნას და ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ საქართველოსთან ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებაში. თუმცა მე ამაში არ ვერევი. პერსონალურად არავინ განგვიხილავს, მათ შორის, არც სააკაშვილი. ზოგადად სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, თუ დადასტურდება კრიმინალი, ცხადია, მოვიქცევით შესაბამისად“, –  განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკომ საქართველოში ვიზიტისას თავდაპირველად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით მათთვის არ მიუმართავს. ამავდროულად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განმარტა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით უკრაინას ორჯერ მიმართეს და ორივე შემთხვევაში უარი მიიღეს.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული. მასზე გამოცხადებულია შიდა ძებნა, თუმცა ინტერპოლი წითელი ცირკულარით არ ეძებს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი