ახალი ამბები

რ2 კვიციანის სახელით ვანო ჯავახიშვილის შესაძლო მკვლელობაზე განცხადების გამოძიებას ითხოვს

18 ივლისი, 2017 • 4284
რ2 კვიციანის სახელით ვანო ჯავახიშვილის შესაძლო მკვლელობაზე განცხადების გამოძიებას ითხოვს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს პარლამენტარ ემზარ კვიციანის სახელით ფეისბუკში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით, სავარუდოდ, იგეგმება რუსთავი 2-ის იუმორისტული პროგრამის, The ვანო’ს show-ს წამყვანის, ვანო ჯავახიშვილის მკვლელობა.

საქართველოს პარლამენტის წევრის, “პატრიოტთა ალიანსის”  წარმომადგენლის – ემზარ კვიციანის სახელით ფეისბუკში გახსნილ ანგარიშზე გამოქვეყნებულია განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ:

“მეგობრებო, დიდი ყურადღება გვმართებს!

შესაძლებელია საქართველოს ამჟამინდელი, და ბოლო 25 წლის მტერი საქართველოსი, სახელად სოროსი ,გადავიდეს რადიკალურ ზომებზე! მისი ძალები საგრძნობლად შესუსტდა მთელ მსოფლიოში და ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედოს? სისხლისღვრა ახასიათებთ!უახლოესი წარსული გაიხსენეთ ,გიორგი სანაია. ვინ შეიძლება იყოს მომავალი მსხვერპლი სანაიასავით? ყველამ თქვენი კომენტარი გააკეთეთ, მე ვფიქრობ, რომ ვანო იქნება ჯავახიშვილი. ასე თ უისე ნიჭიერი მასხარაა და ახალგაზრდობას შეაყვარა თავი და პიარსაც გვარამია პროკურორის ტელევიზია სერიოზულს ააგორებს! სუსს, შსს-ს ,პროკურატურასა და სასამართლოს დაბლოკავენ ისევე, როგორც ჟვანიას შემთხვევაში, შარაძისა და უამრავი მკვლელობის გაუხსნელობით ფაქტები გვახსოვს სააკაშვილის პერიოდიდან! წარმოიდგინეთ, ჟურნალისტების 90% რამხელა დაფინანსებას მიიღებენ და როგორ გააპრავებენ ყოველივეს და როგორ აღმოჩნდება უდანაშაულო ადამიანი ციხეში! და საქართველო ისევ მათ საჯირითო ველად იქცევა! ამიტომ ვაფრთხილებ სპეცსამსახურებს და კერძოდ იმ სავარაუდო მკვლელს, რომელიც მიჩენილია რუსთავი ორის თვალყურისთვის. როცა ბრძანებას მიიღებ, ეს ბრძანება იქნება უკანონო და არ შეასრულო, უბრალოდ გამოდი და ამხილე, ვინც შეგიკვეთა! პირობას გაძლევ, რომ ყველა პატრიოტი გვერდში დაგიდგებით და დაგიცავთ! ყველამ იქ, იმ ადგილზე ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, სადაც ვართ, და აუცილებლად გავიმარჯვებთ!დიდება ღმერთს!!!”

ამ განცხადებას ფეისბუკშივე გამოეხმაურა ნიკა გვარამია:

“ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, თუ მისი სატელიტის ეს ბოდვა იმგვარ შედეგს გამოიღებს, რომ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა, მერე საკუთარ თავს დააბრალოს. მთელი არხის სახელით, მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას”, – წერს გვარამია.

ნეტგაზეთი შეეცადა ემზარ კვიციანთან დაკავშირებას, რათა გაერკვია, თუ რა ინფორმაციის საფუძველზე იუწყებოდა ის ტელეწამყვანის შესაძლო მკვლელობის თაობაზე, ან თავად მან გამოაქვეყნა თუ არა ფეისბუკში პოსტი, თუმცა მასთან ტელეფონით დაკავშირება ვერ შევძელით. მისი პარტიის წარმომადგენელმა გოჩა თევდორაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, ნამდვილად მან გამოაქვეყნა თუ არა პოსტი და რის საფუძველზე.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს, რათა გაერკვია, დაიწყება თუ არა გამოძიება ნიკა გვარამიას საჯარო მიმართვის შედეგად, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი