ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” მარჯანიშვილის მოედანზე აქციას აანონსებს

17 ივლისი, 2017 • 3533
“ევროპული საქართველო” მარჯანიშვილის მოედანზე აქციას აანონსებს

ევროპული საქართველოს ინიციატივით, კვირას, 20:00 საათზე, თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე აქცია გაიმართება. როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აქცია გაიმართება “ქართველობის” იმ ძალადობრივი ვერსიის წინააღმდეგ, რომელსაც “ქართული მარშის” ორგანიზატორები ახვევენ თავს საზოგადოებას.

“გუშინ სოციალურ ქსელებში ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან გავრცელებული სექსუალური ხასიათის მუქარები 25 წლის მოქალაქეზე არის უკიდურესად საგანგაშო მოვლენა საზოგადოებისა და ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან მართული პროპაგანდა საგანგაშო მასშტაბებს აღწევს და თავს გვახვევს ქართველობის (როგორც ისინი ლაპარაკობენ) ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუღებელ ვერსიას, რომ თითქოს ქართველობა არის მუქარა და ძალადობა.

აზრის გამოხატვის უფლება უნდა გვქონდეს და ეს არის აუცილებელი პრინციპი, მაგრამ გუშინდელ განცხადებებს აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ის იყოს სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომელიც მკაცრად უნდა იყოს გამოძიებული განსხვავებით იმ დანაშუალებისაგან, რომელიც გამოძიებას ბოლომდე არ მიჰყავს ხოლმე”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოების რეაქციაც.

“გარდა ხელისუფლების რეაგირებისა, რომელიც თავის დროზე ამ ჯგუფებს პოლიტიკური ძალადობისთვის იყენებდა და ახალისებდა, ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის პრინციპულია, რომ საზოგადოებამ დააფიქსიროს თავისი მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენ არ ვიღებთ [“ქართველობის”] ამ ხელოვნურად თავს მოხვეულ ვერსიას და ჩვენი სახელით არავის აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, საქართველოს სახელი დაუკავშიროს ჩაგვრას და ყველა იმ უბედურებას, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ.

ჩვენ გვაქვს და ვაგრძელებთ კონსულტაციას ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან და კვირას, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედანზე ვაანონსებთ აქციას, სადაც მთელი საზოგადოება დავდგებით და მტკიცედ ვიტყვით, რომ არ მივიღებთ ძალადობას, როგორც ქართველობის ვერსიას”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, ეს არ არის ვიწროპარტიული საკითხი და მასში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი