ახალი ამბები

გაზის ტარიფის ერთი კომპონენტი დაახლოებით 0.5 თეთრით გაიზარდა

17 ივლისი, 2017 • 2505
გაზის ტარიფის ერთი კომპონენტი დაახლოებით 0.5 თეთრით გაიზარდა

დღეს, 17 ივლისს, სემეკის გადაწყვეტილებით, გაზის ტრანსპორტირების ტარიფი საშუალოდ 0.5 თეთრით გაიზარდა ერთ კუბურ მეტრზე, რომელიც გავლენას მოახდენს სამომხმარებლო ტარიფის დადგენაზე.

სამომხმარებლო ტარიფზე სემეკი ხვალ, 18 ივლისს, იმსჯელებს. სემეკის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განმარტებით, უცნობია, გაიზრდება თუ არა სამომხმარებლო ტარიფი.

მილორავას განმარტებით, ტრანსპორტირების ტარიფი სამომხმარებლო ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტია.

სემეკი სამომხმარებლო ტარიფის მეორე კომპონენტზე – გაზის განაწილების ფასზე ხვალ იმსჯელებს. სამომხმარებლო ტარიფის დადგენისთვის მესამე კომპონენტია ბუნებრივი აირის შეძენის ფასი.

კომისიის გადაწყვეტილებით, ტრანსპორტირების ფასი ერთ კუბურ მეტრზე იქნება 1,884 თეთრი. აღნიშნული ტარიფი 2017 წლის 20 ივლისიდან ამოქმედდება 2018 წლის ბოლომდე.

დღეს მოქმედი ტარიფი 1,383 თეთრიდან 0,9 თეთრამდე მერყეობდა. სემეკს აქამდე დადგენილი ჰქონდა 4 სხვადასხვა ტარიფი, მომხმარებლებისთვის და თბოელექტროსადგურებისთვის.  დღევანდელი გადაწყვეტილებით, ყველა აბონენტისთვისაც და თბიელექტროსადფურებისთვისაც ერთი და იგივე ტარიფი იქნება.

“წინა ტარიფი დადგენილი იყო 2000 წელს. პრაქტიკულად, მთლიანად შეიცვალა ტარიფის სტრუქტურა იმიტომ, რომ განსხვავებული დანახარჯები აქვს დღეს, 17 წლისთავზე, კომპანიას. ჩვენ პირველად გავითვალისწინეთ ტარიფში საოპერაციო გაზი, როგორც დანახარჯი, თუმცა შემცირდა იჯარის ღირებულება”, – განაცხადა ირინა მილორავამ.

ტრანსპორტირების ტარიფის დადგენის დროს გაითვალისწინეს კაპიტალური დანახარჯები, საოპერაციო დანახარჯები, იჯარის თანხა, ასევე, სახელფასო ფონდი.

ტრანსპორტირების ტარიფის დადგენისთვის სემეკს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 2017 წლის თებერვლის ბოლოს მიმართა.

ამ პერიოდის განმავლობაში სემეკმა შეისწავლა აღნიშნული კომპონენტები და დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა ტარიფის დადგენის პროექტი, რომელსაც მხარი სემეკის სამმა წევრმა- ირინა მილორავამ, გოჩა შონიამ და გიორგი ფანგანმა- დაუჭირა მხარი.

კომისიის მეოთხე წევრი, მაია მელიქიძე კენჭისყრაში არ მონაწილეობდა, რადგან გოჩა შონიას განმარტებით, მაია მელიქიძე, როგორც კომისიის ახალი წევრი, არ გაცნობია საქმის დეტალებს და ამიტომ სხდომას არ დასწრებია.

სხდომას ესწრებოდნენ ლეიბორისტული პარტიის წევრები, რომლებიც მოუწოდებდნენ კომისიას, რომ არ გაზარდონ სამომხმარებლო ტარიფი, რადგან ეს მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება. კომისიის წევრებმა კი მათ განუმარტეს, რომ ისინი იღებენ პროფესიულ გადაწყვეტილებას, რათა დაადგინონ ისეთი ტარიფი, რომლითაც ხელი არ შეეშლება კომპანიას გაზის ტრანსპორტირებაში.

ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ლეილა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის შემთხვევაში სემეკის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი პაპავას განცხადებით, იგი ელოდა, რომ უფრო მეტად გაიზრდებოდა ტარიფი.

„ჩვენი მხრიდან მოლოდინი იყო მეტი, რადგან ამოღებული იქნა გარკვეული ხარჯები, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, თუმცა არსებული ტარიფის მიხედვით, კომპანიამ უნდა გადახედოს საკუთარ ბიზნესგეგმას. ტარიფის ცვლილება რომ არ მომხდარიყო, კომპანია ვერ შეძლებდა სამუშაოების და თავისი საოპერატორო ფუნქციების განხორციელებას. ეს ტარიფი აისახება ჩვენს ბიზნესგეგმაში”, – განაცხადა გიორგი პაპავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი