ახალი ამბები

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი ღონისძიება

9 აპრილი, 2013 •
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი ღონისძიება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძგურმა განაცხადა, რომ წელს ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას და ამის შემდეგ ყოველწლიურად მსგავსი საზეიმო მიღებით აღნიშნავენ 9 აპრილს, რადგან 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს წევრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ძიძიგურმა პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერებს. საზეიმო მიღებაზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას.

 

ძიძიგურის თქმით, ზვიად გამსახურდიამ თავისი თავგანწირვით მიაღწია იმას, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა.

 

საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმოწერა 1991 წელს იყო გმირობის ტოლფასი, რადგან, პრემიერის თქმით, საბჭოთა იმპერია ყველაფერზე იყო წამსვლელი, რაც დადასტურდა კიდეც 1989 წლის 9 აპრილით.

 

ივანიშვილმა პატივი მიაგო ზვიად გამსახურდიას და უზენაესი საბჭოს იმ წევრების ხსოვნას, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან.

 

ამ დღის მნიშვნელობანზე ისაუბრეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და  უზენაესი საბჭოს წევრმა ტარიელ ფუტკარაძემ. ფუტკარაძის თქმით, ხალხი, ვინც სხვადასხვა ბარიკადებზე იდგა 1990-იანი წლების დასაწყისში, დღეს ერთად არიან და იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისათვის.

 

საზეიმო მიღებაზე მისულ სტუმტრებს ორგანიზატორები წითელი ღვინით გაუმასპინძლდენ. ძიძიგურის თქმით, ამით სიმბოლურად პატივს მიაგებენ 9 აპრილს დაღუპულებს და ზეიმობენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ გაიმართა დღევანდელი მიღება თბილისში და არა ქუთაისში, სადაც მდებარეობს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო. ბერძენიშვილის თქმით, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა არის ისტორიული ადგილი, სადაც ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. მისივე თქმით, ის დარბაზი, სადაც ეს ხელმოწერა შედგა, დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს, ამიტომ სხვა, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართა ეს მიღება. ამას გარდა, ბერძენიშვილის თქმით, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა  ფორმალურად არის ერთადერთი შენობა, რომელიც ეკუთვნის პარლამენტს, მისი განცხადებით, ქუთაისში მდებარე შენობა ოფიციალურად არ არის პარლამენტის საკუთრებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი