კაკაბაძის თქმით, ღონისძიების ორგანიზატორებმა შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ, 8 აპრილს მიიღეს, რადგან მიხვდნენ, რომ სპორტის სასახლე ღონისძიებაში მონაწილეობის ყველა მსურველს ვერ დაიტევდა.


“შეკრება ხალხის  სიმრავლის გამო გადაიდო. ჩვენ მოსაწვევი 30 ათას ადამიანს უკვე გადავეცით და როგორც ცნობილი ხდება, კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ… ამდენ ხალხს სპორტის სასახლე ვერ დაიტევს”, – ამბობს იგი.


კაკაბაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებული ადამიანების მიერ ორგანიზებული ღონისძიება 14 აპრილის ნაცვლად, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის “ლოკომოტივის” სტადიონზე.


“იქ უკვე შეზღუდულები აღარ ვიქნებით და ყველას შეეძლება მოსვლა”, – აღნიშნა კაკაბაძემ.


აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებს ორი მოთხოვნა აქვთ: “ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის გასამართლება” და ამ პარტიისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა.

 

კაკაბაძის ინფორმაციით, ღონისძიებას, გარდა ყოფილი პატიმრებისა, წინა ხელისუფლების პირობებში დაზარალებული სხვა ჯგუფების წარმომადგენლებიც უერთდებიან, მათ შორის “ცენტრ პოინტისაგან” დაზარალებული ადამიანები და ის ხალხი, ვინც ყოფილი ხელისუფლების ექს–მაღალჩინოსნებს გარკვეული ტიპის ქონების წართმევაში ადანაშაულებს.

 

შეკრების პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია ერთობლივი განცხადების შემუშავება პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახელზე, რომელსაც ღონისძიების მონაწილეები ხელს მოაწერენ. შეკრებაზე არასამთავრობო სექტორის და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნლებიც არიან მიწვეული.

 

საქართველოს პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო დადგენილება, რომლითაც 190 ადამიანს პოლიტპატიმრის, ხოლო 25-ს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიენიჭა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *