ბარბარე რაფალიანცის დეიდა, დალი მექერიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ჩანთის პოვნის დეტალებზე საუბრობს:

 

“2 კვირის წინ თბილისიდან გამომძიებლები იყვნენ ჩვენთან ჩამოსულები. დედაჩემმა უთხრა, რომ ქვევრის დაცლა გვინდა, როდემდე იყოს ამოვსებული, ბავშვები დადიან, კიდევ რამე არ მოხდეს, სულ დაკეტილი ხომ ვერ გვექნებაო. გამომძიებლებმა გვითხრეს, უჩვენოდ არ ამოღვაროთო. მერე ჩამოვიდნენ და დაესწრნენ ქვევრის დაცლას. მაშინ ვიპოვეთ ქალის ზურგჩანთა,”- ამბობს დალი მექერიშვილი.

 

ნივთმტკიცება, როგორც გარდაცვლილი ბავშვის დეიდა ამბობს, გამომძიებლებმა თან წაიღეს.

 

“ჩვენ გვეკითხებიან, ვისიაო. თუ გვეტყვით, საქმეს სხვანაირად წარიმართებაო. აბა, რა ვიცით ჩვენ, ვისია.”

 

დალი მექერიშვილი ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლამაც ვერ უშველა საქმის გამოძიების დასრულებას.

 

“რამდენჯერაც არ უნდა შევეხმიანოთ, გვეუბნებიან, ვიძიებთო. რით ვერ გამოიძიეს. აღარ შეგვიძლია მეტი, მოთმინების ფიალა გვევსება. დღესაც აპირებს დედაჩემი გამომძიებელს დაურეკოს.”

 

10 თვის ბარბარე რაფალიანცი ოჯახის წევრებმა გასული წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს იპოვეს ქვევრში დამხრჩვალი. იმავე ღამით გურჯაანის მაშინდელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა მისი ოპონენტი, გურჯანიის ამჟამინდელი მაჟორიტარი “ნაციონალებიდან” გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა ბავშვის პოლიტიკური ნიშნით მკვლელობაში, რაც მაშინვე უარყო ღვინიაშვილმა.

 

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა აღნიშნული საქმე, თუმცა შსს-ს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

 

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის იანვარში ამ თემის კომენტირებისას თქვა, განცხადება იმის თაობაზე, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა ბავშვის გარდაცვალების გარემოებები, ნაჩქარევი იყო. 

 

“სამწუხაროდ, ამ უბედური შემთხვევიდან არ მოხდა სწრაფი რეაგირება, არ მოხდა საგამოძიებო სამუშაოების ჩატარება, რამაც გამოძიება ამ ეტაპისთვის მიიყვანა ჩიხში. ამ ეტაპისთვის გამოკვეთილია სერიოზული გარემოებები, ამიტომ მე ჯერ თავს შევიკავებ და არ გავაკეთებ დამატებით კომენტარს,”- განაცხადა მაშინ მინისტრმა.

 

10 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მოგვიანებით ბავშვის ოჯახსაც შეხვდა და როგორც ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, შეხვედრის დროს მინისტრმა ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა და მათ გამოძიების მიმდინარეობის დეტალები გააცნო, ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების ვერსიებიც მოისმინა.

 

როგორც ბავშვის დეიდამ, დალი მექერიშვილმა მაშჲნ ნეტგაზეთთან საუბარში თქვა, მათ თავად მიმართეს შსს-ს განცხადებით, რომლითაც ითხოვდნენ ღარიბაშვილთან შეხვედრას საქმესთან დაკავშირებით მათ მიერ აღმოჩენილ ახალ გარემოებებზე სასაუბროდ.

 

“არ იყო მის ყურამდე მისული ამ ახალი დეტალების შესახებ და გამოძიება ამ კუთხით არ იყო დაწყებული. არადა, ჩვენ თითქმის უკვე ერთი თვეა, რაც მივაწოდეთ ინფორმაცია ამის შესახებ გამოძიებას და ფიზიკურად არ იყო მის მიერ გამოგზავნილი გამომძიებლებიდან დაწყებული გამოძიება და მინისტრი დღეს დაგვპირდა, რომ გამოცვლის გამომძიებლებს და სხვა გამომძიებლები ჩამოვლენ და დაამატებს კიდევ კადრებს”, – აცხადებს დალი მექერიშვილი.

 

მექერიშვილის თქმით, მასთან მივიდა ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომლის ვინაობასაც ამ ეტაპზე არ ასახელებს და აჩვენა ვიდეომასალა, რომელზეც, როგორც ბარბარე რაფალიანცის დეიდა ამბობს, ასახულია ჩვილის მკვლელიც და დამკვეთიც:

 

“ამ მასალაში ძალიან ნათლად ჩანს მკვლელიც და დამკვეთიც, ეს მასალა პირადად მე ვნახე. იქ საუბრობს ერთ-ერთი პიროვნება და მკვლელიც და დამკვეთიც ნათლად ჩანს. ეს მასალა ჯერ არსად არ გავრცელებულა. მოვიდა ჟურნალისტი და გვაჩვენა უბრალოდ, მაგრამ მერე არ გაუშვა და რატომ, არ ვიცი. ვინ არის ეს ჟურნალისტი, მაგაზე არ მინდა ვისაუბრო და პრობლემა შევუქმნა გამოძიებას”, – ამბობს დალი მექერიშვილი. მისივე თქმით, ოჯახს არ გააჩნია ეს ვიდეომასალა და, შესაბამისად, შს მინისტრისთვის დღეს არ მომხდარა ამ ვიდეოფირის გადაცემა. მისივე თქმით, ამ მასალის მიხედვით ისევ იკვეთება 10 თვის ჩვილის მკვლელობის პოლიტიკური მოტივი.

 

სახლი, სადაც 10 თვის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს
სახლი, სადაც 10 თვის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *