საქართველოში ფრინველთა 300-ზე მეტი სახეობა გვხვდება. გადამფრენი ფრინველებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და დასაზამთრებელი ადგილებია კოლხეთის დაბლობი (სანაპირო ზოლისა და პალიასტომის ტბის ჩათვლით) და ჯავახეთის ზეგანის ტბების სისტემა. საქართველოში გავრცელებული ფრინველებიდან სამი კავკასიის ენდემს (ენდემი – ადგილობრივი, მცენარე ან ცხოველი, რომელიც გავრცელებულია მხოლოდ გარკვეულ გეოგრაფიულ არეში) წარმოადგენს: კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი და კავკასიური ყარანა.

 

„თუ ვსაუბრობთ იშვიათ სახეობებზე, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს კავკასიური როჭო, რომელიც არის ენდემური სახეობა და მხოლოდ და მხოლოდ კავკასიაში გვხვდება. დიდ და მცირე კავკასიონზე ბინადრობს ეს სახეობა მსოფლიოში, მეტი არსად.

 

კავკასიური როჭო მოზრდილი ფრინველია, რომელიც მაღალ მთაში, ალპურ და  სუბალპურ ზონაში ბინადრობს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უამრავი ისეთი ფრინველი შეიძლება გაგვახსენდეს, რომლებიც შედარებით იშვიათად გვხვდება, ან საქართველოშია იშვიათი, ან გლობალური მასშტაბით.  ასეთია, მაგალითად, სვავი. ეს სახეობა არ სარგებლობს დიდი „სიყვარულით“, მოგეხსენებათ  არის ლეშიჭამია.  საკმაოდ იშვიათია მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოში ჯერ კიდევ გვხვდება, თუმცა წითელ ნუსხაშია შეყვანილი“, – ამბობს სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნეკრესის“ გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი შავგულიძე.

 

მისივე თქმით, საქართველოში მობინადრე ფრინველებიდან ზოგიერთი იშვიათია, ზოგიერთი შედარებით გავრცელებულია, მაგრამ ყველა საჭიროებს გარკვეულ მოფრთხილებას.

 

„სხვა იშვიათი სახეობებიდან ჩვენთან ბინადრობს მთის არწივი, ბექობის არწივი, დიდი მტაცებელი ფრინველები. ეს ის სახეობებია, რომლებიც სწრაფად შეიძლება  შემცირდეს და ლოკალურად გადაშენდეს კიდეც. ევროპის მასშტაბით ლეშიჭამიები და მტაცებელი ფრინველები ძალიან ბევრ ქვეყანაში გადაშენდა. მიზეზი ბევრია, ერთ-ერთი მათი საბინადრო გარემოს განადგურებაც შეიძლება იყოს. ეს ფრინველები, გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკოსისტემისთვის, მნიშვნელოვანია ადამიანისთვისაც, რადგან  ბევრი მათგანი ანადგურებს მავნებლებს. სოფლის მეურნეობაში ამ ფრინველებს გარკვეული როლი აქვთ“, – ამბობს ირაკლი შავგულიძე. 

 

კითხვაზე, რამდენად ხდება იშვიათი სახეობის ფრინველების დაცვა და კეთდება თუ არა რამე ამ კუთხით საქართველოში, ირაკლი შავგულიძე პასუხობს, რომ დაცვის ერთ-ერთი სახე არის „წითელი ნუსხა“.

 

„წითელი ნუსხა“ არის ერთ-ერთი მექანიზმი, რითაც შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს სახეობების დაცვა. წითელ ნუსხაში სახეობის არსებობა ნიშნავს, რომ არამარტო უშუალოდ ინდივიდებია დაცული და მათი მოკვლა, ნადირობა, დაჭერა არ შეიძლება, არამედ არის მეორე მომენტი, რაც ითვალისწინებს ამ სახეობების საბინადრო გარემოს დაცვასაც. იმიტომ, რომ საბინადროს გარეშე, რაც არ უნდა  ეცადო ნებისმიერი სახეობის დაცვა, არაფერი გამოვა. მაგალითად, ავიღოთ თეთრკუდა არწივი, რომელიც საკმაოდ იშვიათი ფრინველია. იგი ბინადრობს წყალსატევების მახლობლად, მაგრამ  იქვე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საბუდარი ადგილები, მაგალითად, მაღალი ხეები. თუ მოვჭერით ხეები, რომელზეც ბუდეა გაკეთებული, ის რა თქმა უნდა, ვეღარ იარსებებს, ვეღარ გამრავლდება და ასე შემდეგ. დაცვა კომპლექსურია“, – ამბობს ირაკლი შავგულიძე. 

 

საქართველოში მობინადრე ფრინველებიდან წითელ ნუსხაში შემდეგი სახეობებია შეყვანილი: ბექობის არწივი, რუხი წერო, ქოჩორა ვარხვი, კავკასიური როჭო, ბატკანძერი (კრავიჭამია), მურტალა, ვარდისფერი ვარხვი, ლაკლაკი, ყარყატი, პატარა ღერღეტი, წითელი იხვი, მარმარილოსებრი, გარიელი, თეთრთვალა იხვი, თეთრკუდა ფსოვი, ქორცქვიტა, ველის კაკაჩა, დიდი მყივანი არწივი, მთის არწივი, ფასკუნჯი, ორბი, გავაზი, თვალშავი, წითელთავა შავარდენი, მცირე კირკიტა, ჭოტი, ბუხრინწა, სარსარაკი, თვალჭყეტია, ულვაშა წივწივა, წითელმუცელა ბოლოცეცხლა, დიდი კოჭობა, ჭრელგულა ჭვინტაკა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *