ახალი ამბები

პროკურატურა სასამართლოს ოთარ აბესაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართავს

13 ივლისი, 2017 • 2732
პროკურატურა სასამართლოს ოთარ აბესაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართავს

საქართველოს პროკურატურამ თბილისის მერიის თანამშრომელ ოთარ აბესაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ამის შესახებ ნეტგაზეთს პროკურატურიდან აცნობეს. ბრალდების მხარე სასამართლოს აბესაძისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ოთარ აბესაძის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, კვალიფიკაცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა. გელაშვილი ასევე ადასტურებს, რომ საქმეში არსებობს გარკვეული ჩანაწერები, თუმცა ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე ამის შესახებ ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.

“მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ მხოლოდ აღმკვეთ ღონისძიებაზე. გარკვეული ჩანაწერები არის საქმეში, თუმცა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, საჯაროდ ამაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბრალდების მხარე სასამართლოში საპატიმრო ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს,” – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა “მოდულის” შენობიდან გამოსვლის შემდეგ.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოდან გვაცნობეს, ოთარ აბესაძის პროცესი 14 ივლისს, 12:00 საათზე, გაიმართება. მას ქრთამის აღება ედება ბრალად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2017 წლის მაისში დედაქალაქის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

გამოძიების ინფორმაციით, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი მასთან შეთანხმებული იყო  და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ დაჯარიმებულიყვნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აბესაძის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავების თაობაზე განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ. დედაქალაქის მერიში აცხადებენ, რომ აბესაძე მათი შტატგარეშე თანამშრომელია, დანაშაულის შემცველ ფაქტებს კი რეაგირების გარეშე არ დატოვებენ და გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლებენ.

ოთარ აბესაძე, როგორც მმართველი გუნდის წევრი, მონაწილეობდა სატელევიზიო დებატებში, აქტიურობდა ფეისბუკში და ჩართული იყო პოლიტიკურ პროცესებში. მის სახელს უკავშირდება ხმაურიანი შიდაპარტიული დაპირისპირებაც. როგორც თავად ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობს, ნაცნობები “ოცნების ბიჭს” ეძახდნენ. ვინ არის ოთარ აბესაძე, რომელიც სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა? – ვრცლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი