რუსეთის ელჩის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სემიონ გრიგორიევის განცხადებით, აფხაზეთის ხელისუფლებისთვის არაერთხელ უთქვამს, რომ რუსი ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მათი პრიორიტეტული ამოცანა უნდა ყოფილიყო.
“ამასთან დაკავშირებით ვიმედოვნებ, რომ რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები უმოკლეს ვადებში შეძლებენ დამნაშავეთა პოვნასა და დასჯას. თუ შემდეგ ეტაპებზე ეს საშიში ტენდენცია არ შეიცვლება, რუსული მხარე დამატებით ნაბიჯებს შეიმუშავებს”, – აცხადებს გრიოგიევი.
რუსეთის საელჩომ გუშინ, 12 ივლისს, ვებგვერდზე გაავრცელა გაფრთხილება, რომ აფხაზეთში ყოფნის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ.
11 ივლისს გუდაუთის რაიონში, სანაპირო ზოლზე, ავტომატებით შეირაღებული ნიღბიანები რუსი ტურისტების ორ ოჯახს თავს დაესხნენ. ტურისტებს თან ახლდათ სამი მცირეწლოვანი ბავშვი. დამყაჩაღებლებმა ტურისტებს ძვირფასეულობა, ბეჭდები, სამაჯურები და ფოტოაპარატები გამოსტაცეს. ერთ -ერთმა ტურისტმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მას დანა დაარტყეს. მეორე მათგანმა კი ნიღბიანებს ფული შესთავაზა, რომელიც ბანკომატიდან უნდა ამოეღო. ნიღბიანები მას უახლოეს ბანკომატთან გაჰყვნენ, თუმცა ტურისტმა მათგან გაქცევა და პოლიციის გამოძახება შეძლო. ტურისტი, რომელიც ცივი იარაღით დაჭრეს, დაიღუპა. დანარჩენები კი, როგორც პოლიცია ამბობს, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ცნობით,გუდაუთის რაიონში რუს ტურისტებზე თავდამსხმელთა ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციისთვის 1 მილიონი რუბლია [დაახლოებით, 16 ათასი აშშ დოლარი] დაწესებული.