ახალი ამბები

ოთარ აბესაძის ადვოკატის თქმით, გამოძიებამ 3 დისკი გადასცა

13 ივლისი, 2017 • 3011
ოთარ აბესაძის ადვოკატის თქმით, გამოძიებამ 3 დისკი გადასცა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, გამოძიებამ მას 3 დისკის სახით გადასცა საქმის მასალები, თუმცა, არის თუ არა ვიდეოფაილები, არ იცის. მისი თქმით, ამ ფაილების შემოწმებას ახლა იწყებს.

როგორც ირმა ჭკადუამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ოთარ აბესაძე ბრალს ჯერ არ აღიარებს, რადგან გამოძიებას მისთვის ბრალი არ წაუყენებია. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალის წასაყენებლად გამოძიებას დღეს, 22:00 საათამდე აქვს დრო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2017 წლის მაისში დედაქალაქის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

გამოძიების ინფორმაციით, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი მასთან შეთანხმებული იყო  და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ დაჯარიმებულიყვნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აბესაძის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავების თაობაზე განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ. დედაქალაქის მერიში აცხადებენ, რომ აბესაძე მათი შტატგარეშე თანამშრომელია, დანაშაულის შემცველ ფაქტებს კი რეაგირების გარეშე არ დატოვებენ და გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლებენ.

ოთარ აბესაძე, როგორც მმართველი გუნდის წევრი, მონაწილეობდა სატელევიზიო დებატებში, აქტიურობდა ფეისბუკში და ჩართული იყო პოლიტიკურ პროცესებში. მის სახელს უკავშირდება ხმაურიანი შიდაპარტიული დაპირისპირებაც. როგორც თავად ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობს, ნაცნობები “ოცნების ბიჭს” ეძახდნენ. ვინ არის ოთარ აბესაძე, რომელიც სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა? – ვრცლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი