როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვა ვეღარ მოესწრება, რის გამოც პარლამენტი მას მომავალ სასესიო კვირას განიხილავს.

 

უსუფაშვილს უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა:

 

“სჯობს, ეს დრო კანონპროექტის დახვეწის მიზნით კონსულტაციებს დაეთმოს.”

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გია ბარამიძის თქმით, ამ კანონპროექტზე უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები გაიმართება:

 

“თუ უმრავლესობას აქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ კონსულტაცია, რაც ჩვენი მხრიდან იყო მოწოდებული, ბუნებრივია, ჩვენ ამას მივესალმებით და შევხვდებით, ამის თაობაზე უკვე მოვილაპარაკეთ და გვექნება კონსულტაციები. იმიტომ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და ჩვენი ქვეყნის საზღვრების იურიდიულ ურღვეობას და იმას, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრები არ უნდა განვასხვავოთ იმის მიხედვით, რომელ ქვეყანასაც ვესაზღვრებით ჩვენ და, შესაბამისად, სხვადასხვა რეჟიმი არ უნდა იყოს დაწესებული. “

 

მისივე მტკიცებით, კანონპროექტი დიდ ეჭვს იწვევს:

 

“როცა გვთავაზობენ, რომ შევარბილოთ საზღვრის გადაკვეთის დარღვევასთან დაკავშირებით რეჟიმი იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველო აქვს ოკუპირებული, ეს, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, სერიოზულ შეშფოთებას და დიდ ეჭვს იწვევს ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანში, იმ ქვეყანაში, რომელიც დღეს არის ოკუპირებული და ასეთი ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან.”

 

ბარამიძე იმედს გამოთქვამს, რომ კონსულტაციები ცვლილებებს გამოიწვევს:

 

“იმედი მაქვს, რომ ის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობა, რომელიც არის წარმოდგენილი კანონპროექტის სახით, იქნება გაწვეული, ან სერიოზულად  შეცვლილი და ყოველ შემთხვევაში იმ ზიანის მომტანი აღარ იქნება, რა ზიანიც ამ წუთას წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით შეიძლება დადგეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების თვალსაზრისით.”

 

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს:

 

“წლების განმავლობაში, ამ კანონის მიღების დღიდან, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ანგარიშებში არის რეკომენდაცია, რომ კანონი გადაიხედოს. არაერთი რეკომენდაცია აქვს გაკეთებული ვენეციის კომისიას. ეს ინიციატივა უკვე დადებითად შეფასდა ჩვენი პარტნიორების, ევროპელებისა და ამერიკელების მიერ… ჩვენ გვაქვს მინიმალური ჩასწორება კანონში, რომლის მიხედვითაც კანონის პრინციპი არ იცვლება. ჩვენ ვახდენთ სასჯელის მოდიფიკაციას. დარღვევის შემთხვევაში არ არის აუცილებელი, ადამიანი პირდაპირ ციხეში გავაქანოთ, დავსაჯოთ, ოღონდ ჯერ ადმინისტრაციული წესით”.

 

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს გვერდის ავლით შევა, პირველ ჯერზე 400 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისად, პირის მიერ პირველ ჯერზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისას მისი პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი პასუხისგების ნაცვლად ადმინისტრაციული წესით განისაზღვრება.

 

დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ  თუ უმრავლესობა “ოკუპაციის შესახებ კანონში” ცვლილებების პროექტს კენჭისყრაზე გაიტანს, პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *