“12 დღეა აქ ვართ და ვითხოვთ დროებით საცხოვრისს, სადაც წვიმა არ ჩამოგვივა და ვიცხოვრებთ მანამდე, სანამ საბინაო ფონდი არ შეიქმნება. 12 დღის წინ ბიძინა ივანიშვილი შეგვხვდა და დახმარებას დაგვპირდა, ამის შემდეგ უნდა შევსულიყავით თამარაშვილზე, ერთ–ერთ შენობაში, თუმცა ის შენობა ბანკის მფლობელობაში აღმოჩნდა და არ შეგვიშვეს, მაშინვე უკან დავბრუნდით და შემდეგ არავინ გამოგვხმაურებია”, – აცხადებს გიორგი მარჯანიძე, რომელიც 4 დღეა შიმშილობს. მისი თქმით, ის ხვალიდან მშრალ შიმშილობაზე გადადის, ხოლო თუ კვლავ არ მიაქცევენ ყურადღებას, თავის დაწვით იმუქრება.

სოციალურად დაუცველების 16 ოჯახთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს- ცენტრთან შიმშილობს იპოთეკით დაზარალებული 5 ადამიანიც.

მოშიმშილეთა განცსადებით, მათ კარვების გაშლის უფლება არ მისცეს, რის გამოც ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებენ:


“მე მაქვს იშემიური ინსულტი, აქ ცარიელ ლეიბზე წოლით ფილტვების ანთებაც დამემართა, როგორც ჩანს, ჩვენი მდგომარეობა არავის აინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ ხელისუფლების დიდი იმედი გვქონდა”, – ამბობს გიოტგი მარჯანიძე.

პრემიერის პრესსამსახურში გამორიცხავენ მოშიმშილეებთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას. როგორც პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი აცხადებს, პრემიერი სოციალურად დაუცველებს ერთხელ უკვე შეხვდა:

“თავის დროზე პრემიერი შეხვდა ამ ადამიანებს და მათ შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს მიაწოდა, თუმცა ნებისმიერი პრობლემის მოგვარება ხერხდება კანონის ფარგლებში და როდესაც ეს კანონს სცილდება, ჩვენ დახმარება არ შეგვიძლია. მუქარის ტონით საუბრით არ მგონია პრობლემა მოგვარდეს და მე გამოვრიცხავ, რომ პრემიერი მათ კიდევ შეხვდეს”, – აცხადებს მანანა თოქმაჯიშვილი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *