კომისიის შემადგენლობაში შედიან:  საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამეტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილების უფროსის მოადგილე ალექსანდრე წულაძე,  საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი  ეკა გიგაური.


კომისიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად  უნდა შეარჩიოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატურა  და წარუდგინოს იგი პრემიერ-მინისტრს.


დებულების შესაბამისად,  კომისიმ  ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო პირობები უნდა ჩამოაყალიბოს და  ვაკანტური თანამდებობის არსებობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნოს.


კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, რომელიც დიდი დისკუსიის საგანი იყო,  საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა, თუმცა აქამდე კანონი პრატქიკულად არ ამოქმედებულა.


ამ კანონში განსაკუთრებით სადავო იყო მე-6 მუხლი, რომელიც დისკუსიის საგანს წარმოადგენდა  და სამოქალაქო სექტორის კრიტიკის ობიექტი იყო.


ეს ნორმა შეეხებოდა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას (მათ შორის გაცემას და გავრცელებას) როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების მიერ. კანონპროექტის მე-2 მუხლის ,,ბ” პუნქტის მიხედვით, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია ,,პერსონალური მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან ან ნასამართლობასთან. ასევე, ბიომეტრული მონაცემი, რომლითაც შესაძლებელია ზემოაღნიშნული მახასიათებელი ნიშნებით პირის იდენტიფიკაცია”. მოგვიანებით, 2012 წლის მაისში ამ კანონში ცვლილებები შევიდა და ეს სადავო ნორმაც გასწორდა.


კანონის მიხედვით პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი ინიშნება 3 წლის ვადით.  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის ძირითადი ამოცანაა საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის განხორციელება. კერძოდ, საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის (პირებისათვის) კონსულტაციის გაწევა მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) საჯარო და კერძო დაწესებულებებში და საზოგადოების ინფორმირება საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *