ახალი ამბები

ჯანელიძე: ოპოზიციის ნაწილი ხელს უწყობს რუსულ პროვოკაციებს

12 ივლისი, 2017 • 1778
ჯანელიძე: ოპოზიციის ნაწილი ხელს უწყობს რუსულ პროვოკაციებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრის, ვიცეპრემიერ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოში ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი რუსეთის სახელმწიფოს მიზნების განხორციელებას უწყობს ხელს, ხოლო მეორეს- საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

“ამ შემთხვევაში რას ვხედავთ ჩვენ ქვეყნის შიგნით და რას აკეთებს ოპოზიცია? ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ცდილობს ხელი შეუწყოს რუსულ პროვოკაციებს და მოგვიწოდებს, რომ დავუბრუნდეთ იმ პოლიტიკას, რასაც ისინი ახორციელებდნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და შედეგად, მივიღეთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ხოლო მეორე ნაწილი კი, პრინციპში, ცდილობს ხელი შეუწყოს რუსების მიზანს და დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის გარეშე, პირდაპირი დიალოგით თითქოს შესაძლებელია პრობლემების მოგვარება. ამიტომ, აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთხოვო ყველას, რომ მაქსიმალურად ცივი გონებით შიდა პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე, შევაფასოთ არსებული რეალობა.

მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ საგარეო პოლიტიკის, ისევე როგორც შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის გამთლიანება. მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენ შევძლოთ აგრესიასთან გამკლავება,” – აცხადებს ჯანელიძე.

ჯანელიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ნდობა საერთაშორისო ასპარეზზე არასოდეს ყოფილა ასეთი მყარი, როგორიც დღესაა, ხოლო რუსეთის არასდროს ყოფილა “ამხელა საერთაშორისო წნეხის ქვეშ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე აგრესიისთვის”.

მინისტრი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ “ცივი გონებით შეაფასონ მდგომარეობა” და დაბალანსებული პოლიტიკის დახმარებით არ გააძლიერონ რუსული პროვოკაციები.

“უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძალიან დიდი შრომა გავწიეთ იმისათვის, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, რომლის მიზანიც არის ადამიანის უფლებების დაცვა და მშვიდობიანი, სამართლებრივი გზით ოკუპაციის ხაზით გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანება, შერიგება, ასევე, რუსეთის აგრესიისადმი გამკლავება და ოკუპაციის დასრულება. რა არის რუსეთის მიზანი ამ შემთხვევაში? რუსეთი, მოგეხსენებათ, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ოკუპაციის დასაწყების შემდეგ, და ცდილობს, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო წარმოჩინდეს, როგორც არშემდგარი, აგრესიული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ყველა საერთაშორისო ფორმატში, ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით, მათ განიცადეს მარცხი და საქართველოს პოზიციები ყველგან არის მყარი და მხარდაჭერილი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ისინი აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რათა რეალურად, საქართველოს მთავრობა ამოაგდონ ამ წამატებული სვლის რიტმიდან.”

მინისტრის განცხადებით, მან პირადად მიაწოდა ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას. ასევე, საქართველოში დიპლომატიური კორპუსი ფლობს ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე.

ჯანელიძის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერის მაგალითებია ყველა ის გადაწყვეტილება, რაც გაერომ და ეუთომ მიიღეს ევროპული საბჭოს ფარგლებში. ასევე, პარტნიორი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და კონგრესის.

“არასდროს საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ ყოფილა ისეთი წარმატებული, როგორც არის დღეს. ამას მოწმობს ის შედეგები, რომლებიც გვაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.” – ამბობს მინისტრი


ქართული მედიისა და სუს-ის მიერ 4 ივლისს გავრცელებულ ცნობას, რომ “გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გამო რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა”, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისია (EUMM) გამოეხმაურა. მისიის ინფორმაციით, ბანერების დადგმის უკანასკნელი ფაქტი ფიქსირდება არა 4 ივლისს, არამედ 2017 წლის 19 ივნისს ბერშუეთის [გდულეთი] მახლობლად, ძალიან ახლოს ადმინისტრაციულ საზღვართან, იმ მონაკვეთზე, რომელიც თბილისის მიერ არ კონტროლდება.

4 ივლისს ქართული მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს მოსკოვიც გამოეხმაურა და საქართველო კვლავ ცრუ და აბსურდულ განცხადებებში დაადანაშაულა. გაეროში საქართველოს მისიამ გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან რუსული ჯარების თვითნებური ქმედების გამო სპეციალური განცხადება წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი