ახალი ამბები

მიხეილ ჯანელიძე ვიცეპრემიერად დაინიშნა

12 ივლისი, 2017 • 2022
მიხეილ ჯანელიძე ვიცეპრემიერად დაინიშნა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ვიცეპრემიერად დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს, 12 ივლისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, პრიორიტეტებში გამოიკვეთოს საქართველოს მთავრობის საგარეო მიმართულება, რაც ყოველთვის ასე იყო. თუმცა ეს დანიშვნა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს საგარეო პრიორიტეტების მნიშვნელობას საქართველოს მომავლის შენების საქმეში,”  – განაცხადა პრემიერმა.

ჯანელიძის განცხადებით, საგარეო მინისტრისათვის მინიჭებული მაღალი პოლიტიკური სტატუსი, საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესს ხელს შეუწყობს.

“რაც შეეხება ამის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკისთვის, რა თქმა უნდა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დამატებით ასე მაღალი პოლიტიკური სტატუსი, ის ხელს უწყობს საგარეო ასპარეზზე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების პროცესს და შესაბამისად, ძლიერდება და კეთდება განსაკუთრებული აქცენტი მთავრობის მხრიდან საგარეო პოლიტიკაზე. როგორც საერთაშორისო ინტეგრაციის გზაზე, ასევე დეოკუპაციისა და კონფლიქტის დარეგულირების გზაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს და მისასალმებელია პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა,” – განაცხადა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერის თანამდებობას ამ დრომდე კახი კალაძე იკავებდა, თუმცა მან მინისტრთა კაბინეტი დატოვა და ახლა თბილისის მერის არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

მიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად 2015 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა. მინისტრად დანიშვნამდე, 2015 წლის სექტემბრიდან, მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

2009-2015 წლებში მიხეილ ჯანელიძე მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. თავდაპირველად -საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის, ხოლო 2011 წლიდან -ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი