“არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ოფიციალურად სიაში არ არიან, მაგრამ საჭმელი არ აქვთ, ამიტომ სასადილოს
კარებთან ყოველდღე მოდიან და ვაპურებთ”, – ამბობენ უფასო სასადილოს კოორდინატორები. დღეში ერთი ადამიანის გამოკვებისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1,32 ლარი იხარჯება.
აჭარაში სულ რვა მუნიციპალური სასადილო ფუნქციონირებს, აქედან თითო შუახევში, ქედასა და ხულოში. ქედის სასადილოში უფასო სადილს 26 ადამიანი იღებს, შუახევსა და ხულოში – 40-40 ბენეფიციარი. ყველაზე მეტი ბენეფიციარი ბათუმში არსებულ ხუთ სასადილოს ჰყავს, აქ მთლიანობაში 2 100 სოციალურად დაუცველი იკვებება. ხელვაჩაურში არსებული ორი უფასო სასადილო ბათუმის საზღვრების გაფართოების შემდეგ ბათუმის თვითმმართველობის დაქვემდებარებაში გადმოვიდა.
მარო ზაქარეიშვილს სამი შვილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლე ჰყავს. ის ეკომიგრანტია და წლების განმავლობაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მას ოჯახისთვის საკვები ყოველდღე სასადილოდან მიაქვს. ამბობს, რომ ოჯახისთვის დაწესებული სახელმწიფო შემწეობა – 200 ლარი, აღებისთანავე მაღაზიაში მიაქვს, რითაც თვიდან-თვემდე დაგროვილ ვალს ისტუმრებს:
“მეუღლე საოპერაციოა, ბავშვი ექიმთან მყავს მისაყვანი, მაგრამ ვიზიტის ფული არ მაქვს. საჭმელი სასადილოდან მიმაქვს, თუმცა ორნახევარი პური ხუთი სულისთვის დღეში საკმარისი არ არის”.
ირინა ცისკარაძეს სახლში შვილი და შვილიშვილი ჰყავს. ამბობს, რომ სასადილოდან პური და მშრალი საკვები მიაქვს:
“საბავშვო ბაღი რომ არ იყოს, დავიღუპებოდი, იქ ჭამს და ეგ გვშველის, შაბათ-კვირას კი დედაჩემი მეხმარება”.
“ამ ქულების მინიჭების მეთოდმა ისე გაამწარა ადამიანები, რომ უკვე ერთმანეთს არიან ჩასაფრებული”, – ამბობს ნანა გუგოშვილი.
მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც სტატუსი აქვთ, მაგრამ უფასო კვებით მაინც ვერ სარგებლობენ, იმ ადამიანებთან შედიან კონფლიქტში, ვისაც სასადილო გამოუვალი მდგომარეობის გამო მაინც აჭმევს:
“ერთ-ერთი მოქალაქე მოვიდა და ხელიდან გამოართვა თავისსავე მეზობელს აღებული საკვები. მე რიგში ვდგავარ, არ მიწევს და შენ რატომ მიგაქვსო”.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე არსებული უფასო სასადილოს კოორდინატორი, ვაჟა ვერძაძე სხვა ტიპის პრობლემაზეც საუბრობს:
“აქ ისეთი ადამიანები მაკითხავენ, შიმშილით მოკვდებიან, საკვები რომ არ მივცე. ასეთი თორმეტი კაცი მაკითხავს დღეში.
არ არიან სიაში, მაგრამ რა ვქნა, არ ვაჭამო? და არის შემთხვევები, როცა მერსედესებით და ჯიპებით მოდის ხალხი საკვების წასაღებად. საიდან, როგორ? – ვეკითხები. შენ რა გინდა, ქულა მაქვს და ვსადილობო, მეუბნება.”
უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლება საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას სახელმწიფოსგან მინიჭებული აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, თუმცა ქულათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 57 000-ს.
სტატუსის მქონე ყველა პირს უფასო სადილის მიღება არ შეუძლია. უფასო სასადილოებს ბათუმის მერია აფინანსებს. მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველთა გამოკვებისთვის 848 1232 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო ფასის მიხედვით, ერთი ადამიანის გამოკვებისათვის დღეში 1,32 ლარი იხარჯება.
“პირმა, რომელსაც სურს, მოხვდეს უფასო სასადილოს პროგრამაში, სოციალური მომსახურების სააგენტოდან უნდა მიიღოს ამონაწერი, შემდეგ ეს ამონაწერი განცხადებასთან ერთად ეგზავნება მერიას. ამის შემდეგ ჩვენ ვქმნით სარეზერვო ბაზას და ვიცით, ვინ ჰყავს სააგენტოს დასაკმაყოფილებელი სიის მიხედვით”, – განმარტავს ბათუმის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილე გოჩა ჯიბლაძე.
ამ დროისთვის უფასო სასადილოს პროგრამაში ჩართვას ბათუმში ასამდე პირი ელოდება. თუმცა იმის გამო, რომ ქულების რაოდენობა ხშირად იცვლება, ბენეფიციარები სასადილოთი სარგებლობის პროგრამის გარეთ ხშირად რჩებიან:
“10-12 კაცი თითქმის ყველა კვირაში იცვლება. ზოგჯერ ახლები ემატება, ან ისევ ძველი მოსარგებლეები ბრუნდებიან”, – ამბობენ სასადილოებში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის თემურ ქარცივაძის თქმით, სოცაგენტების პასუხისმგებლობას კანონი არ ითვალისწინებს, “რადგან სოცაგენტი იმას წერს, რასაც ხედავს”. თემურ ქარცივაძე გამორიცხავს იმ ფაქტსაც, რომ ერთი თვის განმავლობაში ერთსა და იმავე ოჯახს განსხვავებული ქულები დაუფიქსირდეს:
“შემოწმება ხდება თვეში ერთხელ. თუ არის ასეთი ფაქტები, მერე გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ”, – ამბობს სააგენტოს უფროსი.
