ბრიტანეთის მოქალაქეს მეთიუ როი დესმონდს საქართველოში 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადვოკატების განცხადებით, პროკურატურამას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების დარღვევას, რაც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ მედიკამენტი, რომლის შემოტანასაც ბრიტანეთის მოქალაქეს ედავებიან, მას ექიმის მიერ ტკივილის გასაყუჩებლად ჰქონდა დანიშნული. მათივე ცნობით, მეთიუ როი დესმონდი ომის ვეტერანია და ხერხემლის ტრავმა აქვს:
„რეალურად, ეს ადამიანი სრულიად უდანაშაულოა. ის არის ბრიტანეთის მოქალაქე, არის ომის ვეტერანი, მონაწილეობა აქვს მიღებული ავღანეთისა და ერაყის ომებში, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ერთ-ერთი ღონისძიების შესრულების დროს მან მიიღო ხერხემლის სერიოზული დაზიანება, რის გამოც ოფიციალურად მას ექიმის მიერ ინგლისში დაენიშნა ეს მედიკამენტები, ტკივილგამაყუჩებლები, რათა ეცხოვრა ამ ადამიანს“, – თქვა უფლებადამცველმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერეცნიაზე.
ადვოკატი ამბობს, რომ ვეტერანის სტატუსით კაცი სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა, მას თან ჰქონდა მედიკამენტები და ექიმის რეცეპტი. ადვოკატის თქმით, მან 25 ქვეყანაში იმოგზაურა და არსად არ ჰქონია პრობლემა.
„მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, იგი დააკავეს და დღემდე, დაახლოებით 3 თვე უკვე, გისოსებს მიღმა იმყოფება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანი არის სრულიად უდანაშაულო, მას თან ჰქონდა ეს რეცეპტი ზუსტად იმ მედიკამენტების, რომლებიც შემოიტანა საქართველოში და უბრალოდ რაღაცა ფორმალობების დაუცველობის გამო, იმის გამო, რომ ნოტარიულად არ იყო დამოწმებული და აპოსტილი არ ჰქონდა ამ დოკუმენტს, იგი დააკავეს, მაგრამ ჩვენ მოვიპოვეთ ეს დოკუმენტები, ყველა დოკუმენტი, ნოტარიულად დამოწმებული, აპოსტილით, ვთარგმნეთ, გადავუგზავნეთ პროკურატურას, სასამართლოს, მაგრამ რეაგირება მაინც არის ნული და ეს ადამიანი კვლავ გისოსებს მიღმა იმყოფება, ამასთანავე, სერიოზული დაავადებით და ტკივილებით“, – ამბობს ადვოკატი.
ადვოკატები პროკურატურას მოუწოდებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს ან განრიდება გაუფორმონ, ან ადეკვატურ პირობებზე საპროცესო შეთანხმება.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გადავდგათ სხვა ქმედითი ნაბიჯები, რაც პროკურატურის იმიჯისთვის იქნება დამაზიანებელი“.
უფლებადამცველების ცნობით, საუბარია სამი დასახელების მედიკამენტზე – პრეგაბალინი, ბუპრენორფინი, კოდეინი. ადვოკატების თქმით, მსჯელობა, რომ პიროვნებამ განზრახ შემიტანა ქვეყანაში ნარკოტიკული ნივთიერებები და აპირებდა ამ ნივთიერებების შემდგომ გასაღებას ან რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში ჩართვით სარგებლის მიღებას, ეს არ არის სწორი და ლოგიკური, რადგან სამივე დასახელება ემთხვევა ექიმის მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულ წამლებს.
ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში აქტიურადაა ჩართული ბრიტანეთის საელჩო.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა პროკურატურას, უწყება გვიდასტურებს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ საკონსულო დახმარებას უწევენ საქართველოში დაკავებულ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს და რომ კონტაქტზე არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
ივნისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მედიკამენტ „ადერალის“ გამო დააკავეს საიმონ როვენსკი, კანადელი სტუდენტი, რომელსაც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) დიაგნოზი აქვს. ადვოკატმა „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკება შედგა. მანვე განაცხადა, რომ ბრალდებული საპატიმროს 30 000-ლარიანი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ დატოვებს.
