არასამთავრობოები პრობლემას საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი დათხოვნის წესში ხედავენ.
 
ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესის განხილვისას უნდა გაითვალისწინოს გარდამავალ პერიოდში სამეურვეო საბჭოს ეტაპობრივად ჩანაცვლების შესაძლებლობა.
 
“მით უმეტეს, რომ როტაციის პრინციპის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში საბჭოში 6 ვაკანტური თანამდებობა იქნება, რომელთა შესავსებად უკვე დაკომპლექტების ახალი წესები შეიძლება იქნას გამოყენებული. ასეთი მიდგომის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება თავიდან აიცილებს საბჭოს დაშლის ნეგატიურ პრეცედენტს, უზრუნველყოფს სამეურვეო საბჭოს დამოუკიდებლობის მეტ ხარისხს და შეასრულებს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ეუთოს რეკომენდაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.“
 
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამეურვეო საბჭოს სრულად დათხოვნა შექმნის მეტად საშიშ პრეცედენტს, რაც საპარლამენტო უმრავლესობებს მომავალშიც მისცემს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სურვილისამებრ შეცვლის შესაძლებლობას. ასეთ პირობებში კი, მათი განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის ყოველი ცვლილებისას სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგებიან.
 

“მეტიც, ასეთი პრეცენდენტის შექმნის შემთხვევაში, მატულობს პოლიტიკური ჩარევის რისკი არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის, არამედ ყველა იმ სამთავრობო სტრუქტურის საქმიანობაში, რომლებიც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს უნდა ინარჩუნებდნენ.”

 
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი დათხოვნის წესებთან დაკავშირებით არასამთავრობოებმა საკუთარი ხედვაც წარმოადგინეს. 
 
სამეურვეო საბჭოს წევრთა შერჩევა თავდაპირველად საპარლამენტო კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც ყველა ფრაქციის წევრი იქნება წარმოდგენილი, უნდა უზრუნველყოს გარკვეული, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. პირველ ეტაპზე გამარჯვებულ კონკურსანტებს გასაუბრება გაუტარდებათ, რის შემდეგაც კომისია თითოეულ პოსტზე 3 კანიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.
 
აღნიშნული პროცედურისგან განსხვავებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტში “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” მიერ წარმოდგენილი მოდელით კი, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს არჩევის წესი მთლიანად იცვლება. სამეურვეო საბჭოს აქამდე არსებული 15 წევრი ცვლილებების შედეგად 9-მდე შემცირდება. გარდა ამისა, საბჭოს წევრთა კანდიდატებს პრეზიდენტი აღარ შეარჩევს, როგორც ეს აქამდე იყო. 

ცვლილების შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პარლამენტში შეიქმნება კომისია, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარადგენს. არსებული კანდიდატურებიდან 3 საპარლამენტო უმრავლესობამ, 3 უმცირესობამ, 2 სახალხო დამცველმა და 1 აჭარის ტელევიზიამ უნდა აირჩიოს.

საბჭოს წევრთა არჩევის ასეთი მოდელი კანონპროექტის ავტორთა მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტად მიიჩნევა. 

 

რაც შეეხება საბჭოს დათხოვნის საკითხს, აღნიშნული კანონპროექტითვე, საბჭოსთვის უნდობლობის გამოხატვა და მისი დათხოვნა პარლამენტს შეუძლია. ასეთი მოდელი მიუღებელია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვისაც,” თუმცა, კანონპროექტის ავტორთა თქმით, კრიტერიუმები, რომლის მიხედვით პარლამენტი საბჭოს წევრებს უნდობლობას გამოუხატავს, ობიექტურია. ეს ობიექტური კრიტერიუმები კი, მათი განმარტებით, მაგალითად, პროგრამული პრიორიტეტებისა და დამტკიცებული ბიუჯეტის ვერშესრულება შეიძლება გახდეს.

 
პარლამენტში შესული კანონპროექტის თანაავტორი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” მიერ წარმოდგენილ მოდელს ის არ იცნობს და არც აქამდე ყოფილა მისი განხილვა.
 
“უცნაურია, რომ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში დაიწყეს ამის შესახებ საუბარი. თუმცა, ეს მათი უფლებაა. გასაგებია, რომ არ არის სასიამოვნო საბჭოს დახოვნის ასეთი მოდელი, მაგრამ რას გვთავაზობენ. ისევ წლები ველოდოთ და არსებულ ბორდს ვუყუროთ? თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ბორდი არ მოგვწონს, პროგრამულ და ფინანსურ ნაწილში ცუდად მუშაობს, რატომ უნდა ვიცადოთ და ფული ვიხადოთ მათთვის ბიუჯეტში? “- ამბობს ლაშა ტუღუში.
 
“მაუწყებლობის შესახებ”კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში დღეს უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე გავა.
 
 
 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *