ახალი ამბები

ირმა ნადირაშვილი: “ნაციონალიური მოძრაობის” წევრების დევნა გრძელდება

3 აპრილი, 2013 • • 1281
ირმა ნადირაშვილი: “ნაციონალიური მოძრაობის” წევრების დევნა გრძელდება

მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, დავით ტყეშელაშვილის მიერ 2009 წლის 16 თებერვლის N36/კ ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი განცხადების საფუძველზე ირმა ნადირაშვილი დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე.

 

სამინისტროს საშტატო განრიგის შესაბამისად, მისი თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 1900 ლარით.

ირმა ნადირაშვილი
ირმა ნადირაშვილი

 

დავით ტყეშელაშვილის  2010 წლის 22 აპრილის N48/კ ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად, ირმა ნადირაშვილი გათავისუფლდა ზემოაღნიშნული თანამდებობიდან წერილობითი განცხადების საფუძველზე.


ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნიდან გათავისუფლებამდე პერიოდში, მის მიერ თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, მიღებულმა შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 28500 ლარი, ხოლო პრემიის სახით მიღებულმა შემოსავალმა – 22060 ლარი. ჯამში, 50560 ლარი.

 

მაგდა პოპიაშვილის ცნობით, საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული საქართველოს პარლამენტის წევრის, ირმა ნადირაშვილის საკონტაქტო ინფორმაციის გრაფაში – „სამუშაო გამოცდილება“ – მითითებულია, რომ ირმა ნადირაშვილი 2008-2009 წლებში მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში პროგრამა „პოსტ-სკრიპტუმის“ მთავარ პროდიუსერად, ხოლო 2009-2010 წლებში- ამავე კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსად. კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობის თვეები და რიცხვები მითითებული არ არის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2009-2010 წლებში, სახელმწიფო სამსახურის პარალელურად, ირმა ნადირაშვილს შეთავსებით  ეკავა აგრეთვე სხვა თანამდებობა  და ეწეოდა სხვა ანაზღაურებად საქმიანობას. 

 

პოპიაშვილის მტკიცებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურში მუშაობის პერიოდში, მის მიერ დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით, ირმა ნადირაშვილი წარმოადგენდა სახელმწიფო მოსამსახურეს – მოხელეს.

 

ამავე კანონის 64-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში“.


მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, ირმა ნადირაშვილის საქმე შესასწავლად პროკურატურას გადაეცემა. 

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ მას კანონი არ დაურღვევია:  

 

“უფრო კარგად რომ წაეკითხათ ეს კანონი, ალბათ ასეთ შეცდომას არ დაუშვებდნენ. 64–ე მუხლში პირდაპირ წერია, რომ თანამდებობის დაკავება არ მეკრძალება საჯარო სამსახურში. მე არ შემეძლო მემუშავა სახელმწიფო სამსახურში, სახაზინო სამსახურში და თვითმმართველობაში. “რუსთავი2” არც  თვითმმართველობაა და არც სახელმწიფო დაწესებულებაა. ამდენად, კანონი მე ამას არ მიკრძალავს. პირველ რიგში, სიცრუა ის, რომ როცა მე “რუსთავი2” –ის საინფორმაციოს ხელმძღვანელი ვიყავი, არ ვმუშაობდი მრჩევლად. როგორც კი “რუსთავი2 “–ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადავდექი, მე დავწერე განცხადება, წამოვედი. მე კანონი არ დამირღვევია, მაგრამ კანონის დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა და არა პროკურატურის მიერ საქმის ძიება”.  

 

ირამა ნადირაშვილის განცხადებით, მაგდა პოპიაშვილის მიერ პროკურატურის ხსენება არ არის შემთხვევითი: “ეს არის ჩვეულებრივი დევნის გაგრძელება, “ნაციონალური მოძრაობაზე”. ჩემგან არ სიამოვნებთ საუბარი ნეპოტიზმის ფაქტებზე.  ქალბატონი მაგდას მეუღლემ ირაკლი მელაშვილმა დაიკავა პრემიერმინისტრის მრჩევლის თანამდებობა, ხოლო თავად არის პიარის ხელმძღვანელი ინფრასტრუქტურის სამინისტროში.”     

 

მასალების გადაბეჭდვის წესი