პროცესის გართულების მიზეზებს ექსპერტები სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო დაინტერესებითა და კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით ხსნიან. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით კი რეპატრიაციის, ანუ იძულებით გასახლებულთა სამშობლოში დაბრუნების პროცესის დაჩქარებას ახალი მთავრობა “გონივრულ ვადაში” გეგმავს.
69 წლის წინ საბჭოთა კავშირში “საზღვრის დაცვის გაუმჯობესების მიზნით” სამხრეთ საქართველოდან “არასაიმედო” ადამიანების ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში გასახლების გადაწყვეტილება მიიღეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი მათი უკან დაბრუნების საკითხზე დამოუკიდებელ საქართველოში პირველად 1999 წელს იმსჯელეს. ქვეყანამ მუსლიმი მესხების უკან დაბრუნების ვალდებულება აიღო და ევროსაბჭოს წევრი გახდა. 2007 წლის 11 ივლისს კი საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან იძულებით გადასახლებულთა რეპატრიაციის შესახებ კანონს, უმრავლესობამ საკითხს მხარი დაუჭირა, იგივე გადაწყვეტილება მიიღეს “რესპუბლიკელებმაც”, წინააღმდეგ ხმა მხოლოდ “კონსერვატორებმა” მისცეს.
კანონი რეპატრიაციის შესახებ იმ პირთა მუდმივი საცხოვრებლის, ან წარმოშობის ადგილზე დაბრუნებას გულისხმობს, რომლებიც სხვადასხვა გარემოებათა გამო სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. რეპატრიანტის სტატუსი სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეს მხოლოდ მოქალაქეობის მიღებას უადვილებს, სხვა სახის ვალდებულებები მათ წინაშე ქვეყანას არ აუღია:
“საქართველო არ არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, რომ პასუხი აგოს იმ სისტემის ქმედებებზე. მთავრობა არ
ზღუდავს უკან დაბრუნების მსურველებს ჩამოვიდნენ და აირჩიონ საცხოვრებელი ნებისმიერ ადგილას, რომელსაც საკუთარი სახსრებით შეიძენენ. კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში ისინი მიიღებენ მოქალაქეობას,” – ამბობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი ირაკლი კოკაია.
ამ დროისათვის საქართველოში რვაასზე მეტი ე.წ თვითრეპატრიარებული მუსლიმი მესხი ცხოვრობს, უმეტესობა 2007 წელს რეპატრიაციის შესახებ კანონის დამტკიცების შემდეგ საქართველოში ისე დაბრუნდა, რეპატრიანტის სტატუსის მიღება არც უცდია. მათი უმრავლესობა აზერბაიჯანიდან დაბრუნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტის” თავმჯდომარის ცირა მესხიშვილის ინფორმაციით, მათგან უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, რის გამოც მათმა შვილებმა განათლების სამინისტროსგან მოსწავლის სტატუსი და შესაბამისი ვაუჩერი ვერ მიიღეს.
სახელმწიფოსგან რეპატრიანტის სტატუსის მიღების შემდეგ კი იძულებით გადაადგილებული პირი მოქალაქეობას საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებიდან ერთი წლის ვადაში მიიღებს, ამ ვადაშივე მან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს, სადაც სამშობლოში დაბრუნებამდე ცხოვრობდა. ჯერ რეპატრიანტის სტატუსის და შემდეგ მოქალაქეობის მისაღებად კანონმდებლობით უპირატესობა ქართული ენის მცოდნეებს აქვთ.
გასულ კვირას ბათუმში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები “ტრაპიზონის დეკლარაციის” ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდნენ. კითხვაზე, რომელიც მუსლიმი მესხების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან ევროსაბჭოსთან აღებულ ვალდებულებას შეეხო, მაია ფანჯიკიძემ უპასუხა, რომ “საქართველო აღებულ ვალდებულებას შეასრულებს”. ამავე შეხვედრაზე მან პროცესის დაჩქარებისთვის გარკვეული საკანონმდებლო ცვლილების საჭიროებაზეც ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იგეგმება თუ არა საქართველოს კანონში რეპატრიაციის შესახებ ცვლილების შეტანა. ირაკლი კოკაიას თქმით კი, მინისტრმა მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივება იგულისხმა:
“თუ კანონმა იმუშავა 15 კაცისთვის, ის იმუშავებს დანარჩენი ხუთი ათასისთვისაც. სხვა მხრივ პრობლემები არ არის.”
კანონს რეპატრიაციის შესახებ მისი მიღებიდან მოკლე ხანში არა მხოლოდ რეპატრიაციის განხორციელების მოწინააღმდეგეები, მისი მომხრეებიც იწუნებდნენ.
“დიახ, არის გარკვეული ხარვეზები. კანონი ცვლილებებს კი არა, დამატებებს საჭიროებს, იქ არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელსაც კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს. საჭიროა მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივება. განათლების სამინისტრომ კი უნდა დაუშვას, ასევე, კანონქვემდებარე აქტი ან ნორმატიული, რომელიც თვითრეპატრიარირებულთათვის ვაუჩერის გაცემის წესს გაითვალისწინებს,” – ამბობს პოლიტოლოგი უჩა ბლუაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტის” თავმჯდომარის ცირა მესხიშვილის მოსაზრებით, საბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდში იძულებით გადასახლებულ მუსლიმ მესხთა უკან დაბრუნების მსურველთა რაოდენობის შესახებ არსებული სტატისტიკა არ შეიძლება ასახავდეს რეალობას.
1944 წლის ნოემბერში სამხრეთ საქართველოდან სატვირთო ვაგონებით 80 ათასამდე მესხი გაასახლეს, მათგან 17 ათასი გზაში დაიღუპა. რეპატრიაციის შესახებ კანონი გადასახლებულთა და მათი ოჯახების უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. უკან დაბრუნებაზე კი განაცხადი 5 864-მა ინდივიდუალურმა პირმა შეიტანა. მსურველთა განაცხადის მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა 2010 წლის პირველ იანვარს დასრულდა.
“შეიძლება ჯერ კიდევ ბევრმა არც იცის ამ კანონის შესახებ. ბევრს კი სტატუსის მისაღებად საჭირო დოკუმენტების შეგროვება გაუჭირდა. ამ ადამიანებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, რომ მარტივად მოაგვარონ მსგავსი საკითხები, მათ არ იციან ქართული ენა. კარგი იქნებოდა, თუ საერთოდ არ დაწესდებოდა ვადები, ამ შემთხვევაში, დაბრუნების მსურველებს ექნებოდათ საშუალება არა ქაოტურად, არამედ დამშვიდებულად იმოქმედონ.”
კანონმდებლობით სტატუსის მიღების მსურველმა რეპატრიაციის სამმართველოს, სხვა პირად დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარუდგინოს დოკუმენტი გადასახლების შესახებ. გარდა ამისა, ყველა დოკუმენტი, რომელსაც ის სამმართველოს წარუდგენს, უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული.
კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და რომლის გამოც საქართველოს კანონი რეპატრიაციის შესახებ დისკრიმინაციულად შეაფასეს, სტატუსის ვერმიღების შემთხვევაში სასამართლოში ჩივილის უფლებას უზღუდავს. სამმართველოსგან უარის მიღების შემთხვევაში რეპატრიანტს გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ სამთავრობო ორგანოებში შეეძლება, სასამართლოში საქმის გაგრძელებას კანონი არ ითვალისწინებს.
ირაკლი კოკაია ეთანხმება მოსაზრებას, რომ “ამაში არის დისკრიმინაციის ნიშნები”, თუმცა აცხადებს, რომ სამმართველოს უარი ჯერ არავისთვის უთქვამს, არც მათთვის, ვინც გარკვეული მიზეზების გამო კანონით მოთხოვნილი ზოგიერთი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა და მისი არარსებობის შესახებ სამმართველოს წერილობით აცნობა.
