ახალი ამბები

პრემიერი: არც ერთი წუთი არ გაგვიტარებია ისე, რომ ოკუპაცია პირველი საკითხი არ ყოფილიყო

10 ივლისი, 2017 • 1828
პრემიერი: არც ერთი წუთი არ გაგვიტარებია ისე, რომ ოკუპაცია პირველი საკითხი არ ყოფილიყო

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 10 ივნისს განაცხადა, რომ ხელისუფლებას არც ერთი წუთი არ გაუტარებია ისე, რომ ოკუპაციის საკითხი არ ყოფილიყო ნომერ პირველი მათ დღის წესრიგში.

“ჩვენი ოპონენტები ამაზე ავრცელებენ ჩვენს პარტნიორებთან აბსოლუტურად უსაფუძვლო ჭორებს, რომ ჩვენ ეს საკითხი თითქოსდა აღარ გვაქვს პირველი და თავიანთი სხვადასხვა გამოკითხვის მეშვეობით ცდილობენ, ეს საკითხი გადაიტანონ მეორე, მესამე და ა.შ. შრეში. შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან საუბრისას ეს იყო ჩემი უმთავრესი თემა. მე იქ ხაზგასმით აღვნიშნე – ბატონო ვიცეპრეზიდენტო, ეს იყო ჩემი სიტყვები, არ დაიჯეროთ არც ერთი კვლევის, რომელიც აჩვენებს, რომ ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის მეორე, მესამე ან უფრო ქვედა რიგის საკითხი. ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, რანაირი წარმატებაც არ უნდა იყოს, ეს დარჩება ნომერ პირველ საკითხად ჩვენი მოსახლეობის ცნობიერებაში. ეს იყო ჩემი სიტყვები. მინდა ეს თქვენ იცოდეთ, რადგან ეს არის სიმართლე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ 135 სოფელი დაკარგულია მცოცავი ოკუპაციის შედეგად, თუმცა სინამდვილეში ეს სოფლები ოკუპაციის შედეგადაა დაკარგული. პრემიერმა აღნიშნა, რომ ოკუპაცია არის ის რთული მემკვიდრეობა, რაც “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად მიიღო.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობისგან გავათავისუფლოთ ჩვენი მომავალი თაობა. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს ერთიანობამდე – რა თქმა უნდა, მშვიდობით, მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით. ჩვენ არავითარ შემთხვევაში აღარ მივცემთ არავის საშუალებას, იმ ადამიანებს, და ადამიანები არ იცვლებიან, რომლებმაც 26 წელი ჩაკეტილ წრეზე ატარეს ჩვენი ქვეყანა, ისევ ამ წრეზე შეგვიყვანონ. ეს არის გამორიცხული. ძნელია, მაგრამ ცივი გონებით ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ამ პრობლემას მოაგვარებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სუს-ის მიერ 4 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს.

პრემიერმინისტრი გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის”მცოცავი ოკუპაციის” შესაჩერებლად.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კოტე იოსელიანმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების დანაშაულია ის, რაც ხდება, რადგან სწორედ მათი უმოქმედობით, “მათი კაპიტულანტური დამოკიდებულებით, რუსები მოდიან და ყოველდღე  დგამენ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებს.”

“ყველა ხედავს საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ უმოქმედობას. ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მცოცავი ოკუპაცია არ არის საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში. ჩვენ ვხედავდით, რომ არის უკრაინის ოკუპაცია, სირია და სხვა საკითხები, მაგრამ საქართველოს ოკუპაცია არ არის დღის წესრიგში”, – განაცხადა სერგო რატიანმა “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრმა.

4 ივლისს ქართული მხარის მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს მოსკოვიც გამოეხმაურა და საქართველო კვლავ ცრუ და აბსურდულ განცხადებებში დაადანაშაულა. 

გაეროში საქართველოს მისიამ გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან რუსული ჯარების თვითნებური ქმედების გამო სპეციალური განცხადება წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი