ახალი ამბები

შეუსაბამობა შსს-ს განმარტებებში თელიას მართვის მოწმობის საქმეზე

2 აპრილი, 2013 •
შეუსაბამობა შსს-ს განმარტებებში თელიას მართვის მოწმობის საქმეზე

შსს-ს პრესსამსახური “ნეტგაზეთის” სატელეოფონი ზარებს არ პასუხობს. მან სააგენტო “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ აჭარის პოლიციის უფროსს მართლაც არ გააჩნია მართვის მოწმობა, თუმცა ნინო გიორგობიანის თქმით, იმ დღეს გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა, რომ ვალერიან თელია თავად დამჯდარიყო საჭესთან და ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე წასულიყო:

 

“როგორც მოგეხსენებათ, იმ დღეს გაიხსნა ტრეფიკინგის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც რამდენიმე წელია აჭარაში არ გახსნილა. ეს არის საერთაშორისო დონის დანაშაულის გახსნა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ საქმეზე წასულიყო და ამით იყო განპირობებული, რომ ის საჭეს თავად მართავდა. როდესაც ნახა საპატრულო ეკიპაჟმა, რომ მას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, ის დააჯარიმა ამის გამო”, – განმარტა გიორგობიანმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

 

იურისტი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ თუკი ასეთი აუცილებლობა არსებობდა, მაშინ თელია არ უნდა დაეჯარიმებინათ. მშვენიერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-18 მუხლზე საუბრობს, რომელშიც ნათქვამია:

 

“მუხლი 18. უკიდურესი აუცილებლობა – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც ემუქრებოდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ წესრიგს, საკუთრებას, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის დადგენის წესს, თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი.”

 

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვალერიან თელია 28 მარტს ავტომანქანას ისე მართავდა, რომ არ ჰქონდა მართვის მოწმობა, თავდაპირველად გაზეთმა ბათუმელებმა გამოაქვეყნა, თუმცა ამის თაობაზე არაფერია ნათქვამი გენინსპექციის დასკვნაში, რომელიც დღეს გაავრცელა შსს-მ.

 

გენინსპექციის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ საიამ შსს მომსახურების სააგენტოდან მიღებული წერილობითი ცნობა გაავრცელა, რომლითაც დასტურდება, რომ თელიას მართვის მოწმობა არ აქვს. ამის შემდეგ, შსს-ს პრესსამსახურმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ თელია ამისთვის დააჯარიმეს, რაზეც აქამდე შსს-ს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სამაგიეროდ შსს-ს განცხადებებში მითითებულია, რომ საიას მძღოლი, რომელთანაც შეემთხვა ინციდენტი აჭარის პოლიციის უფროსს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ის დააჯარიმეს 200 ლარით.

 

28 მარტს ბათუმში მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათში შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომ გახსნეს ტრეფიკინგის საქმე ბათუმში.

 

28 მარტს აჭარის პოლიციის უფროსმა გახსნილად გამოაცხადა ტრეფიკინგის საქმე, რომლის გამოძიებაც თებერვალში დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი