ახალი ამბები

სახალხო დამცველი დათა და ბაჩო ახალაიების საქმეებში არსებულ დარღვევებზე საუბრობს

1 აპრილი, 2013 • 1122
სახალხო დამცველი დათა და ბაჩო ახალაიების საქმეებში არსებულ დარღვევებზე საუბრობს

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელმა კ.კ–მ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია, კერძოდ, ორი მოწმის დაკითხვას გამომძიებელი ერთდროულად აწარმოებდა.

ოქმში ერთი მოწმის დაკითხვის პერიოდად მითითებულია 2013 წლის 8 იანვარი, 15:05 – 15:25 საათი, ხოლო მეორე მოწმის დაკითხვის დროდ- 15:00 – 15:15 საათი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის კ. კ.-ს წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და კანონშესაბამისი რეაგირების განხორციელების შესახებ წინადადებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ბუნდოვანი იყო უწყება დათა ახალაიას დაკითხვაზე გამოძახების შესახებ:


“უწყებაში მითითებული არ ყოფილა, თუ რა სტატუსით იბარებდნენ მას და რომელ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად, იგი ვერ განჭვრეტდა საგამოძიებო ორგანოში გამოუცხადებლობის შედეგებს, რაც არღვევს კანონმდებლობით გარანტირებულ მის უფლებას”, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.


ანგარიშში ასევე წერია, რომ მსგავსი შემთხვევა სისტემურ ხასიათს ატარებს და დაფიქსირდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებულ მოქალაქეების მიმართაც:


“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში საქმის შესწავლის პროცესში მოქალაქეები ხშირად აპელირებენ იმ ფაქტზე, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოძახების შესახებ უწყებაში არ ხდება იმის დაფიქსირება, თუ რა სტატუსით იბარებენ მათ და რომელ სისხლის სამართლის საქმეზე”, – ნათქვამია ანგარიშში.


სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამომძიებლის ან პროკურორის მიერ გამოსაძახებული პირისთვის გაგზავნილ უწყებაში მიეთითოს: ვინ, რა სტატუსით, რისთვის, ვისთან (ვინაობისა და თანამდებობის მითითებით) და რა მისამართზე არის გამოძახებული, გამოცხადების დღე და საათი, აგრეთვე, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები.


“არ არის საკმარისი მხოლოდ ტექნიკურად სისხლის სამართლის ნომრის მითითება, არამედ უწყებაში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, თუ რომელ შესაძლო დანაშაულზე მიმდინარეობს გამოძიება (შინაარსობრივად)”. – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

მასალების გადაბეჭდვის წესი