ახალი ამბებისამართალი

მოსამართლეები სუს-ის წარმომადგენელს უსმენენ

7 ივლისი, 2017 • 5772
მოსამართლეები სუს-ის წარმომადგენელს უსმენენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, ბექა ზეგარდელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კითხვებს პასუხობს. სასამართლო 326 მოქალაქის სარჩელს განიხილავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სუს-ს ისევ აქვს თითოეული ჩვენგანის უკანონოდ მოსმენის უფლება და შესაძლებლობა ნებისმიერ დროს.

ბექა ზეგარდელს მაშინვე შეაწყვეტინა სიტყვა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა, როცა ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტოს უფროსის დანიშვნის ახალი წესის დემოკრატიულობაზე დაიწყო ლაპარაკი. ეს სააგენტო პარლამენტის გადაწყვეტილებით 30 მარტიდან გვისმენს. ახალი უწყება ანგარიშვალდებულია სუს-ის უფროსთან, თუმცა სუს-ის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ამ უწყების ხელმძღვანელს სპეციალური კომისია შეარჩევს სუს-ის უფროსის წარდგენით. კომისია შერჩეულ კანდიდატს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს დასანიშნად. პროცესი შეიძლება განუსაზღვრელად გაგრძელდეს, თუკი კომისია სუს-ის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან სასურველს ვერ შეარჩევს.

“იქნებ იმაზეც გაამახვილოთ ყურადღება, ვინ შეარჩევს პარლამენტის წარმომადგენელს, ვინც ამ კომისიაში იქნება”, – მიმართა სუს-ის წარმომადგენელს მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.

“მოგეხსენებათ, უმრავლესობით ხდება გადაწყვეტილების მიღება,”- თქვა ბექა ზეგარდელმა.

მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა იკითხა: “არის კი ეს ის ორგანო, რომელიც ამდენად უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესებზე?”.

სუს-ის წარმომადგენელმა კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო თავისი არსით აღმასრულებელი ორგანოა. “მე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რა იყო და რა არის ახლა. კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ კომისია არჩევს ამ ორგანოს უფროსს და არა სუს-ის უფროსი, როგორც აქამდე ხდებოდა. სიტუაცია არის რადიკალურად შეცვლილი,” – დასძინა ბექა ზეგარდელმა.

სუს-ის წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა სააგენტოს უფროსის გათავისუფლების შესაძლებლობაზე არაჯეროვანი მუშაობის დროს. იურისტის თქმით, აქაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება პრემიერ-მინისტრს შეუძლია.

მოსამართლეებს კითხვები ამ ნაწილშიც გაუჩნდათ.

გიორგი კვერენჩხილაძე: “პრემიერს აქვს უფლება სუს-ის გარეშე გაათავისუფლოს, ან როცა სუს-ი მას კანდიდატს წარუდგენს, არ დანიშნოს?”

ირინე იმერლიშვილი: “სად შეიძლება პრემიერმა გადაამოწმოს, ასრულებს თუ არა სააგენტოს უფროსი უფლებამოსილებას არაჯეროვნად, თუ არა სუს-ის უფროსთან?”

“პრემიერს შეუძლია უშუალოდ დაიბაროს სააგენტოს უფროსი და გაესაუბროს,” – უპასუხა მოსამართლეს სუს-ის წარმომადგენელმა.

წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლე მანანა კობახიძე დაინტერესდა, როგორ დაადგენდა სუს-ის უფროსი, ასრულებდა თუ არა თავის საქმეს ჯეროვნად სააგენტოს უფროსი.

“მოუსმენს, მანანა, მოუსმენს”, – იხუმრა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი