საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი დღეს, 7 ივლისს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებმაც წერილი გაავრცელეს სოფელ ბერშუეთში საზღვრის აღმნიშვნელი უკანონო ბანერის დამონტაჟების საკითხზე.
უშიშროების საბჭოს ცნობით, განხილვის მთავარი თემა ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა – ე.წ. ბორდერიზაციის, მცოცავი ოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიის დე ფაქტო ანექსიის პროცესი იქნება.
უშიშროების საბჭოს მდივანი უსაფრთხოების სპეციალისტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებს ქვეყნის ანტიანექსიური სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებზე, აცხადებს უშიშროების საბჭო.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა- საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, მწვანე ალტერნატივა, საზოგადოება და ბანკები, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი- 6 ივნისს გაავრცელეს განცხადება.
არასამთარობოებმა სოფელ ბერშუეთში საზღვრის აღმნიშვნელო ბანერის აღმართვის გამო ხელისუფლებას მიმართეს, რომ გაიმართოს მრავალმხრივი შეხვედრები უშიშროების საბჭოს ან/და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში, რომელზეც განხილული იქნება საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე დღეს არსებული მყისიერი საფრთხეები, ასევე, უსაფრთხოების უაღრესად სერიოზული გამოწვევები, რაც გამოიხატება ე.წ. ბორდერიზაციის, მცოცავ ოკუპაციასა და მოსალოდნელ ანექსიაში.