ახალი ამბები

სახალხო დამცველი: კალანდაძეს მეორედ ბრალი არასწორად წარედგინა

1 აპრილი, 2013 • 960
სახალხო დამცველი: კალანდაძეს მეორედ ბრალი არასწორად წარედგინა

“ბოლოდროინდელი გახმაურებული საქმეების წარმოებისას ადგილი ჰქონდა პროცესუალურ დარღვევებს, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი კალანდაძის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები ფიქსირდება, ფაქტიურად ის უკანონოდ იყო დაკავებული”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის წარდგენისას.


სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2013 წლის 11 ნოემბერს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა დაკავებული თანამდებობიდან კალანდაძის გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოსამართლე ლ.ო–მ არ იმოქმედა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და არ მიუთითა, რომ განჩინება უნდა აღესრულებინა პრეზიდენტს.


სასამართლოს განჩინების ასლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიაში მხოლოდ 20 ნოემბერს დარეგისტრირდა. 2013 წლის 13 ნოემბერს კი პროკურორ  გ. შ.–ს შუამდგომლობის საფუძველზე გიგი კალანდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.


სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლოს განჩინება არ გულისხმობს იმას, რომ პირი ავტომატურადაა თანამდებობიდან გადაყენებული:


“2012 წლის 11 ნოემბრის განჩინების აღსრულებამდე გიორგი კალანდაძე არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებულად და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის უფლება არ ჰქონდა არავის, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრისა”, – ნათქვამია ანგარიშში.


საქართველოს სახალხო დამცველმა კალანდაძის საქმის მოსამართლეების – ლ.ო.-სა და ბ.შ.-ს მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ წინადადებით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ხოლო პროკურორის, გ. შ.-ს მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ წინადადებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა.

გიგი კალანდაძე
გიგი კალანდაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი