ახალი ამბები

ომბუდსმენი: ადგილი ჰქონდა თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს

1 აპრილი, 2013 • 926
ომბუდსმენი: ადგილი ჰქონდა თვითმმართველი ორგანოების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს

“მიუხედავად ამისა, აუცილებლად მივიჩნიეთ საპარლამენტო ანგარიშში ყურადღების გამახვილება იმ ძირითად ტენდენციებზე, რომლებიც ამ პერიოდში გამოიკვეთა”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებამ საზოგადოებაში გააჩინა არასწორი მოლოდინები თვითმმართველობებთან დაკავშირებით, სადაც უმრავლესობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენდა.

 

“უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების არასაკმარისმა პოლიტიკურმა განათლებამ წარმოშვა არასწორი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური ხელისუფლების ცვლილებას ბუნებრივად უნდა გამოეწვია შესაბამისი ცვლილებები ადგილობრივ თვითმმართველობებში, რასაც შედეგად მოჰყვა ადგილებზე ქაოტური, ხშირ შემთხვევაში საკრებულოების შიგნით ძალაუფლებისთვის მებრძოლ სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირებები,” – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

 

ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობებში გავლენის მოსაპოვებლად მიმდინარე პროცესებში ხდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ხელოვნური ჩართვა, რაც გამოიხატებოდა ადგილობრივი თვითმმართველობების შენობების პიკეტირებაში, აქციებში, მათ შორის, პროტესტის უკიდურეს ფორმაში – შიმშილობაში:

 

“ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებისთვის საქმიანობის ხელშეშლის არაერთ ფაქტს, რასაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხშირ შემთხვევაში არ მოჰყოლია ადეკვატური რეაქცია”.

 

ომბუდსმენი თავის ანგარიშში გამოყოფს იმ ფაქტს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თვითმმართველობებში გამგებლებისა და მოადგილეების შეცვლის შემდეგ თვითმმართველობების თანამშრომლები პირადი განცხადებებით მასობრივად ტოვებდნენ სამუშაო ადგილებს:

 

“შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ პროცესი არ იყო ჯანსაღი და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა.”

 

ანგარიშში მოცემულია „საერთაშორისო არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 21 დეკემბრამდე საქართველოს მასშტაბით თანამდებობა დატოვა 31-მა გამგებელმა, მათგან 29-მ – პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო ორმა – საკრებულოს გადაწყვეტილებით. ამავე პერიოდში თანამდებობა დატოვა 16-მა საკრებულოს თავმჯდომარემ, მათ შორის 14-მა – საკუთარი გადაწყვეტილებით, ხოლო ორმა – საკრებულოს გადაწყვეტილებით.

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობის შესახებ:

 

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს 49 მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ
სულ 1434 თანამშრომელი გათავისუფლდა. აღსანიშნავია, უმეტესი ნაწილი – 881 ადამიანი გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ პროცესები საქართველოში არარსებული ისტორიული პრაქტიკის შესაბამისად განვითარდა. კერძოდ, მიდგომა, რომ ხელისუფლების ცვლილებას მოსდევს ავტომატურად კადრების ცვლილება, ადგილობრივ თვითმმართველობებზეც აისახა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური შემთხვევები რთული შესასწავლია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამგეობიდან პირადი განცხადებებით გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ
პროცესი გარკვეულწილად ზეწოლის თანხლებით მიმდინარეობდა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

 

ომბუდსმენის განცხადებით, ამ კუთხით დამატებით სირთულეს ხშირ შემთხვევაში გათავისუფლებულ პირთა დუმილი
ქმნის:

 

“საქართველოს სახალხო დამცველი დაინტერესდა არაერთი ფაქტით, რომელიც კონკრეტულ პირებზე განხორციელებულ ზეწოლას ეხებოდა. მიუხედავად ამისა, უმეტეს შემთხვევაში მათ უარი განაცხადეს ახსნა-განმარტების ან/და ინფორმაციის მიწოდებაზე. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესების შესწავლას, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია ყველა სათანადო ორგანოს ჩართულობა, რათა პროცესი მოექცეს დემოკრატიულ და სამართლებრივ ჩარჩოში”, – ნათქვამია სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი